ქალაქის მერცხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალაქის მერცხალი (ლათ. Delichon urbica Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ქალაქის მერცხალი.

ქალაქის მერცხალი მერცხლებს შორის საშუალო ზომისაა, ფრთა 100-120 მმ-ია, კუდი – 50-70 მმ, ნისკარტი 6-7 მმ, წონა – 15-22 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. კარგად გამოირჩევა სხვა მერცხლებისაგან იმით, რომ კუდზედა ბუმბულები და წელი სუფთა თეთრი აქვს, რაც ზურგის მუქი შეფერილობის კონტრასტულია. გალო და თითები შემოსილია თეთრი ფერის თმისმაგვარი ბუმბულებით. თავი ზემოდან, ზურგი და მხრები შავია, მოლურჯო მეტალური ელვარებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა, ზოგჯერ მომწვანო მკრთალი ელვარებით. სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია. კუდის ამოკვეთილობა 10-20 მმ-ია. ნისკარტი შავია, ბრჭყალები – მოვარდისფრო.

აღწერილია 6-7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ქალაქის მერცხალი – D. u. urbica Lin., 1758.

სარჩევი

გამრავლება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპასა და აზიას, ჩრდილოეთით დაახლოებით ტუნდრის ზონამდე, ხოლო სამხრეთით არ ბუდობს არაბეთის დიდ ნაწილში, ინდოეთის სამხრეთში და ინდოჩინეთში; აღმოსავლეთით არაა ჩუკოტკაზე და კამჩატკაზე; აფრიკაში ბუდობს ალჟირში, ტუნისში და მაროკოში. ზამთარს ატარებს აფრიკის სამხრეთ ნახევარში, აგრეთვე ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთში და კუნძულ ბორნეოზე. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბუდობისათვის ირჩევს მეტწილად ქვის შენობების ლავგარდანებს, კლდეებსა და ფლატეებს მდინარეთა ხეობებში, ზოგჯერ ბუდობს ხის შენობებზეც სოფლის მერცხალთან ერთად. საკვებისათვის დაფრინავს წყალსატევების სანაპირო მდელოებზე, მთების ფერდობებსა და ველობებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. იკეთებს დახურულ, სფეროსმაგვარ ბუდეს, შესასვლელი ხვრელით მის ზემო ნაწილში. ბუდეს ამაგრებს ქვის შენობებზე გარედან ან კლდეებზე, მაგრამ გადმოხურულ ადგილებში. ზოგჯერ ბუდეს წაართმევს სოფლის მერცხალს და გადააკეთებს თავისებურად. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს. ბუდეზე კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება. ივნისში მეორედ მრავლდება.

კვება

ქალაქის მერცხალი მწერიჭამია ფრინველია. მწერებს იგი იჭერს ფრენის დროს. მათ შორის მთავარია მცირე ზომის ხოჭოები, ორფრთიანები, სწორფრთიანები და პეპლები. ბარტყებსაც მწერებით კვებავს.

მნიშვნელობა

ზაფხულის განმავლობაში უამრავ მავნე მწერს სპობს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები