ნამგალა
ნამგალა (ლათ. Apus apus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ნამგალასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა - ნამგალა და მეკირია
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ნამგალასნაირნი (Micropodiformes)
- ქვერიგი − ნამგალები (Apodes)
- ოჯახი − ნამგალასებრნი (Apodidae)
- გვარი − ნამგალა (Apus)
ნამგალა სიდიდით მეკირიაზე პატარაა, მაგრამ სოფლის მერცხალზე დიდია. ფრთა 155-180 მმ-ია, კუდი – 70-80 მმ, ნისკარტი – 5-6 მმ, გალო – 10-18 მმ, წონა – 40-45 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში გამოხატული არაა. ზრდასრული ფრინველი მურა-შავია, ოდნავ შესამჩნევი მეტალური ელვარებით. ყელი და ზოგიერთებს შუბლიც მოთეთრო აქვთ. კუდქვეშა ბუმბულები და ფრთის კიდე მტევნის მოხრილობასთან ოდნავ უფრო ღიაა, ვიდრე მუცელი. ნისკარტი და ფეხები შავია. ფრთები ვიწრო და გრძელია, დაკეცილ მდგომარეობაში ბევრად სცილდება კუდის წვეროს, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში, ფრენის დროს ნამგლისებურადაა მოხრილი. კუდის კიდურა ბუმბულები 25-30 მმ-ით გრძელია შუა ბუმბულებზე. ამიტომ კუდი ამოკვეთილია.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ნამგალა – A. a. apus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას ისლანდიიდან ყვითელ ზღვამდე, ჩრდილოეთით თითქმის მთელ სკანდინავიაში, არხანგელსკამდე, ტობოლსკამდე და ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე; სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, მცირე აზია, ირანი, ავღანეთი, ჰიმალაის მთები, მონგოლეთი, ჩრდილოეთი ჩინეთი; აგრეთვე აფრიკაში (ალჟირი, ტუნისი, მაროკო). ზამთრობს ტროპიკულსა და სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
გაშლილი ტერიტორიის მოსაზღვრე ტყეები, ფრიალო კლდეები და თიხნარი ფლატეების ნაპირები, კულტურულ ლანდშაფტში - შენობები, უმეტესად ქვის ნაგებობები. უპირატესობას ანიჭებს ღია ლანდშაფტს.
გამრავლება
ქმნიან მუდმივ წყვილებს. ბუდობს კოლონიებად, ზოგჯერ ცალკეულ წყვილებადაც. ბუდეს აწყობს კლდის ნაპრალებში, ფლატეების სოროებში, სახლების კედლებში დარჩენილ ხვრელებში, სახურავების ქვეშ, ზოგან ხის ფუღუროშიც. ბუდისათვის მასალას აგროვებს, აგრეთვე წყვილდება ჰაერში, ფრენის დროს. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-4 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. მამალი კი კვებავს მას. საინკუბაციო პერიოდი 18 დღემდე გრძელდება.
კვება
ნამგალა ძირითადად მწერებით იკვებება. მათ შორის აღნიშნულია კოღოები, ქინქლები, ხოჭოები, პეპლები, ბუზები, ტკაცუნები, ჭიჭინობელები, ფრთიანი ჭიანჭველები და მრავალი სხვა, რომლებიც თავიანთი აქტიური ფრენით თუ ქარის მიერ ატაცებული ჰაერში აღმოჩნდებიან.
მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის.