ნამგალები
ნამგალები (ლათ. Apodes) ფრინველთა ქვერიგი ნამგალასნაირთა რიგიდან. ნამგალების ქვერიგში გაერთიანებულია პატარა ზომის ფრინველები, რომლებიც საერთო იერით მერცხლებს მოგვაგონებენ. ისინი ყველა სხვა ფრინველისაგან გამოირჩევიან უპირველესად ფრთების აგებულებით. ძლიერ შემოკლებულ წინა მხარზე მიმაგრებულია 7-9, იშვიათად 10-11 მოკლე მეორე რიგის მომქნევი, ხოლო მტევნის ნაწილზე − ძალიან გრძელი 10 პირველი რიგის მომქნევი. ყოველივე ამის გამო, ფრენის დროს ფრთებს ნამგლისებური მოყვანილობა აქვთ. დაკეცილი ფრთები კი, თავიანთი წვეროებით, ბევრად სცილდებიან კუდის წვეროს. კუდი წარმოქმნილია საჭის 10 ბუმბულისაგან.
ნისკარტი მოკლეა, მაგრამ პირი ფართოა და შეგუებულია ფრენის დროს მწერების დაჭერისადმი. ბუმბულსაფარველი მოკლე და მჭიდროა. ღინღლი მხოლოდ პტერილიებზეა. კონტურულ ბუმბულებს აქვთ დამატებითი, გვერდითი ღერო. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. საკმაოდ სუსტია ასაკობრივი განსხვავებაც.
ნამგალების უმრავლესობას ოთხივე თითი წინ აქვთ მიმართული. მხოლოდ ზოგიერთს აქვს ერთი თითი უკან და სამი წინ, ანდა პირველი თითი მეოთხეს საპირისპიროდ განლაგებული. ფეხები იმდენად მოკლეა, რომ მიწაზე სიარული არ შეუძლიათ, მიწიდან ვერც აფრინდებიან. ამიტომ ყოველთვის ებღაუჭებიან რაიმე ვერტიკალურ ზედაპირს − კლდეს, კედელს, ხეს და ა. შ. სამაგიეროდ ფრინავენ ბრწყინვალედ, შეუძლიათ განავითარონ დიდი სისწრაფე.
ნამგალები ბუდობენ კოლონიებად კლდეების ნაპრალებში, ქვის სახლების სახურავების ქვეშ, ხის ფუღუროებში, მილებში. ბუდეს აკეთებენ ღინღლისა და ნამჯისაგან, რომელთაც აგროვებენ ფრენის დროს და აწებებენ ერთმანეთთან ნერწყვით. დებენ 1-4 კვერცხს. ინკუბაციასა და ბარტყების კვებაში მონაწილეობს ორივე სქესის ფრინველი. ნამგალების უმრავლესობის ბარტყები იჩეკებიან ტიტველი და თვალებაუხილველი. პოსტემბრიონული განვითარება 6-7 კვირას გრძელდება, რის შემდეგ ახალნაჩეკი დამოუკიდებლად არსებობს.
ჩრდილოეთ და ზომიერ განედებში მობუდარი სახეობებისათვის დამახასიათებელია სეზონური მიგრაციები. დასაზამთრებლად მიფრინავენ ადრე, ხოლო გაზაფხულზე ბრუნდებიან შედარებით გვიან − მდგრადი თბილი ამინდის დადგომის შემდეგ. იკვებებიან პატარა ზომის მფრინავი მწერებით, რომლებსაც იჭერენ და ჭამენ ფრენის დროს.
ნამგალების ქვერიგის წარმომადგენლები გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, თუმცა კონტინენტურ ავსტრალიაში მოიპოვება მხოლოდ ერთი სახეობა. ნამგალებით ყველაზე უფრო მდიდარია აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკული ქვეყნები.
ახლა უკვე დადასტურებულია, რომ მთელი რიგი ნიშნებით, ნამგალები ახლოს დგანან პრიმიტიულ ბეღურასნაირებთან. ამიტომ ფრინველების ამ ჯგუფს ხშირად აერთიანებენ ბეღურასნაირთა რიგში ქვერიგის რანგით.
ცნობილია ნამგალების ქვერიგის 77 სახეობა, რომლებიც მიეკუთვნებიან 2 ოჯახსა და 17 გვარს. საქართველოში არის მხოლოდ ერთი ოჯახი.