მეკირია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეკირია (ლათ. Apus melba Linnaeus, 1758) − ფრინველი ნამგალასნაირთა რიგიდან.

მეკირია პატარა ზომის ფრინველია, თუმცა მეკირიებს შორის ყველაზე დიდია. ფრთა 200-225 მმ-ია, კუდი – 75-100 მმ, ნისკარტი –7-10 მმ, გალო – 15-18 მმ, წონა – 70-115 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-ქვიშისფერია, მაგრამ ბუმბულებს ღია ფერის არშიები აქვთ. ამის გამო გამო ზურგის მხარე ხშირად ქერცლისებური შესახედაობისაა. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მკერდზე ფართო მუქი განივი ზოლით. მოწაბლისფროა კუდქვეშა და ფრთებისქვეშა ბუმბულები. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა. ფრთები ვიწრო და გრძელია, დაკეცილ მდგომარეობაში ბოლოებით ბევრად სცილდებიან კუდის წვეროს. კუდი ღრმად ამოკვეთილია, საჭის კიდურა ბუმბულები 15-25 მმ-ით გრძელია შუა ბუმბულებზე. გალო სუსტია, მაგრამ თითები ძლიერია და ბოლოვდებიან მოხრილი, მახვილი ბრჭყალებით. ნისკარტი შავია, თითები მურა-ხორცისფერი.

აღწერილია 9 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევრაზიული მეკირია – A. m. melba Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ ტერიტორიას ევრაზიასა და აფრიკაში. ევრაზიაში მოიპოვება პირენეიდან ქაშმირამდე და ინდოეთამდე; ჩრდილოეთით სამხრეთ საფრანგეთში, ალპებში, ბალკანეთში, მცირე აზიაში, ყირიმში, ჩრდილო კავკასიაში, კოპეტდაღზე, შუა აზიის მთებში ყარატაუსა და ჰიმალაის მთებამდე. სამხრეთით – ბელუჯისტანში, ირანში, პალესტინაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე; აფრიკაში ალჟირში, მაროკოში, ტუნისში, აღმოსავლეთ აფრიკაში, აგრეთვე მადაგასკარზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

მთების ხეობების ფრიალო კლდეები, ზღვების, ტბებისა და მდინარეების მაღალი, ფლატეებიანი ნაპირები, ზოგან – დასახლებული პუნქტების მაღალი შენობები.

გამრავლება

ბუდობს უპირატესად კოლონიებად. იკეთებს პატარა ბუდეს ნაირგვარი მასალისაგან, უმთავრესად ბუმბულისა და ბალნისაგან, რომელთაც აგროვებს ფრენის დროს. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-21 დღემდე გრძელდება.

კვება

ენტომოფაგი ფრინველია. მათ შორის ძირითადია პატარა ზომის მწერებიკოღოები, ქინქლები და მისთანანი, რომელთაც დიდი რაოდენობით იჭერს ჰაერში, ფრენის დროს.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები