მენაპირე მერცხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენაპირე მერცხალი (ლათ. Riparia riparia Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მენაპირე მერცხალი.

მენაპირე მერცხალი ყველაზე პატარაა საქართველოში გავრცელებულ მერცხლებს შორის; ფრთა 100-115 მმ-ია, კუდი 48-60 მმ, კუდის ამოკვეთილობა 8-12 მმ, ნისკარტი – 5-7 მმ, წონა 12-20 გ. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზურგის მხარე მიწისფერ-მურაა. ფრთები და კუდიც მურაა, მაგრამ ზურგზე უფრო მუქია. კუდის ზემო მფარავები ღია, თითქმის მოთეთრო ფერისაა. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა, მაგრამ ჩიჩახვსა და მკერდზე გარდიგარდმო ფართო მურა ფერის ზოლია. გალოს უკანა მხარეს, უკანა თითის ძირში ან ოდნავ ზევით, პატარა თეთრი ბუმბულების კონაა. ნისკარტი და ბრჭყალები შავია, ხოლო ფეხები–მოწაბლისფრო.

აღწერილია 8 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული მენაპირე მერცხალი – R. r. riparia Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა. იგი მოიცავს მთელ ევროპას, აზიის უდიდეს ნაწილს, უკიდურესი ჩრდილოეთი ტუნდრის, არაბეთისა და ინდოეთის სამხრეთი ნაწილების და ინდოჩინეთის გამოკლებით. აფრიკაში მოიპოვება ალჟირში, ტუნისში, მაროკოში, ეგვიპტესა და ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში; ბუდობს ჩრდილოეთი ამერიკის დიდ ნაწილში. ზამთარს ატარებს სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნახევარში. საქართველოში მობუდარია.

ბიოტოპი

მენაპირე მერცხალი ბინადრობს ნაირგვარი წყალსატევის – ზღვების, ტბების, მდინარეების ვერტიკალურფლატეებიან უტყეო სანაპიროებზე, შედარებით ფხვიერი ან რბილი გრუნტით. ზოგჯერ სახლდება წყალსატევიდან რამდენიმე კმ-ით დაშორებულ ღია ლანდშაფტის მოსაზღვრე ფლატეებზეც.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს კოლონიებად, იშვიათად – ცალკეულ წყვილებადაც. ბუდეს იკეთებს ფლატეებზე გამოთხრილ სოროებში. წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება. მაისის ბოლოს დებს 4-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 12-16 დღეს გრძელდება.

კვება

მენაპირე მერცხლის საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერებიკოღოები, ქინქლები, ბუზები, წვრილი ხოჭოები და სხვა ამგვარი, რომელთაც ფრენის დროს იჭერს, ზოგჯერ იღებს მათ წყლის ზედაპირიდანაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები