სპეციალური ანბანები
სპეციალური ანბანები – სპეციალური დანიშნულების – უსინათლოებისა და ყრუ-მუნჯთათვის გამოსაყენებელი – ანბანები.
სარჩევი |
ბრაილის სისტემა
უსინათლოებისათვის პირველი რელიეფური ანბანი ლაინური შრიფტის საფუძველზე შემოღებულ იქნა პარიზში ვ. გაუის მიერ (1786). შემდეგში გამარტივება-გაუმჯობესების გზით შეიქმნა ანბანის წერტილოვანი სისტემები, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია ბრაილის სისტემა. იგი პირველად დაინერგა პარიზის უსინათლოთა ინსტიტუტში (1825). ამ სისტემის საფუძველზე შეიქმნა უსინათლოთა ანბანები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში (ავტორი თ. აბაშიძე)
ბრაილის სისტემაში გამოყენებულია სპეციალური ლითონის დაფა, რომელზეც დამაგრებულია ხის ჩარჩო და ქაღალდი, აგრეთვე ლითონის ტრაფარეტი, რომელიც შედგება 2 რიგად ჩაწყობილი უჯრებისაგან (თითოეულში 26) ტრაფარეტი საჭიროებისამებრ მოძრაობს ზევიდან ქვევით. ასოები იწერება (იჩხვლიტება) ამ უჯრებში მარჯვნიდან მარცხნივ პატარა ლითონის ფანქრით. ამობურცული ასოები შეხებით იკითხება მეორე მხრიდან, უკვე მარცხნიდან მარჯვნივ.
ბრაილის სისტემაში თითოეული ასოსათვის გამოყენებულია 6 წერტილის კომბინაცია. სიადვილისათვის ყოველ წერტილს აქეს თავისი ნომერი: 1 2 3/4 5 6. მსხვილი წერტილებით აღნიშნულია ასოები და წვრილით – დანარჩენი წერტილების ადგილები.
ასოები დაყოფილია 4 ჯგუფად: პირველი ათი ასო შედგენილია ზედა და შუა (2-5) წერტილებისაგან. მეორე ათეულისათვის გამოყენებულია იგივე პირველი ათი ასო + მესამე წერტილი. მესამე ათეულისათვის გამოყენებულია იგივე პირველი ათი ასო + მესამე და მეექვსე წერტილი.
მეოთხე ათეულის ასოებისთვის გამოყენებულია იგივე პირველი ათი ასო + მეექვსე წერტილი.
ქართული ანბანი ბრაილის სისტემით შემდეგნაირად არის დალაგებული:
ამ წესრიგის გარეშეა ასო ყ
ამ სისტემითაა შექმნილი ციფრებიცა და სასვენი ნიშნებიც. ქართული ანბანის თავისებურებათა გათვალისწინებით აგრეთვე შექმნილია სპეციალური სისტემა, რომლითაც უსინათლოები წერენ თვალხილულთა ანბანითაც (თუმცა თვითონ ვერ კითხულობენ).
ქართული დაქტილური ანბანი
სპეციალური ანბანი ყრუ-მუნჯებისათვის არის საერთო-სახალხო ენის (ბგერითი ენის) ანბანის მანუალური, დაქტილური ვარიანტი. საქართველოში ასეთი ანბანი და მის საფუძველზე შედგენილი საკითხავი სახელმძღვანელო პირველად გამოქვეყნდა 1941: ე. ჭანიშვილი. ვ. ნორაკიძე „ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი ყრუ-მუნჯთა სკოლისათვის“. სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან:
I- „დიდაქტიკური მასალა“ ( შეიცავს სურათებიან ლოტოებს; ამ ლოტოებისა და წიგნში ჩართული ლოტოებისათვის საჭირო წარწერებს; ტუჩებიდან ამოსაკითხავ სიტყვებსა და ფრაზებს; მოძრავ ანბანსა და მარცელებს) და II – „ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი; I და 0 წლის კურსი“.
სახელმძღვანელოს შინაარსი მოიაზრება ისე, როგორც ჩვეულებრივ სკოლებში: ა) წინასაანბანო პერიოდი, რაც ყრუ-მუნჯთა სკოლებისათვის „დიდაქტიკური მასალის“ ადეკვატურია და ბ) ანბანი, ანუ წერა-კითხვის შესწავლა. ეს პერიოდი გრძელდება 1 – 1/2 –2 წლამდე. რამდენადაც უაზრო მარცვლების კითხვა დაუშვებელია მხედველობის მქონე ბავშვთა „ანბანში“, იმდენად ის აუცილებელია ყრუმუნჯთა ვარჯიშისათვის. სწორი გამოთქმის მისაღწევად მათთან გაძლიერებულია მხედველობითი ანალიზი და ხელებით „საუბარი“ – დაქტილური ფორმა.
1986 დაიბეჭდა ანბანი მოსამზადებელი კლასისათვის (ავტორები – მ. მერაბიშვილი და ლ. ხუციშვილი). მასში ყურადღება გამახვილებულია ფონემატურ თავისებურებებზე; იგი შედგენილია დაქტილური ანბანის გამოყენებით; გათვალისწინებულია თითოეული ასო-ბგერა საგნის ამსახველი სურათით, გრაფიკული გამოსახულებითა და „ხელების ენით“. სწავლება მიმდინარეობს კონცენტრირებული მეთოდით. სწავლების არსი გამოსახულია სურათზე.
გამოთქმის საწყისი სწავლება, რომელიც სრულდება ანბანის ყველა ბგერის ათვისებით, შედგება ორი კონცენტრისაგან: პირველი კონცენტრი ემთხვევა მოსამზადებელ კლასს, მეორე კი – პირველსა და მეორე კლასებს. წერა იწყება 1 მეოთხედიდან:
I მეოთხედი – ა, ფ, მ, პ, თ, დ, ტ, ბ, ო, ე, ი, ვ;
II მეოთხედი – უ, ქ, კ, გ. ყ, ს, ზ, ძ, ც, ლ. წ;
I მეოთხედი –შ, ე, ჩ, რ, ნ, ხ, ჯ, ჭ, ღ, ჰ.
სიძნელე-სიადვილის გათვალისწინებით მოსამზადებელ კლასში შეისწავლება მხოლოდ I7 „ძირითადი ბგერის“ გამოთქმა. ესენია: ა, ი, უ, ე, ო, ფ, მ, თ, ე, ქ, ს, ლ, შ, ნ, რ, ხ, ჰ (სამი სასწავლო მეოთხედის განმავლობაში).
სწავლების პირველ საფეხურზე ე.წ. „ძირითადი ბგერებით“ შეიცვლებიან დროებით (მათ დაუფლებამდე) არაძირითადი ბგერები.
ამ საფეხურზე მოსწავლე შეიძლება წარმოთქვამდეს „პაპას“ მაგივრად „ფაფას“, მაგრამ ის უნდა ერკვეოდეს ორივე სიტყვის მნიშვნელობაში.
მოსწავლეები მეტყველებას აღიქვამენ მასწავლებლის სახიდან ამოკითხვით, რასაც თან ახლავს დაქტილირება. ასეთივე გზით აღიქვამენ ისინი სურათებს. და მათ ამსახველ დაქტილური ანბანით მიწერილ სიტყვებსა და ფრაზებს. მასწავლებლის მიბაძვით, დაქტილირებასთან ერთად, მოსწავლეები სწავლობენ სიტყვების წარმოთქმას.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე 1997 გამოიცა დედაენა სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლის „პირველი კლასისათვის (ავტორები – ე. ხუფაცარია და სხვა).
მ. მეძველია
ლიტერატურა
- აბაშიძე თ., ქართული ანბანი უსინათლოებისათვის, თბ,, 1930;
- ჭანიშვილი პ., ნორაკიძე ვ., ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი ყრუ-მუნჯთა სკოლისათვის, თბ., 1941;
- მერაბიშვილი მ, ხუციშვილი ლ, ანბანი ყრუ ბავშვთა სკოლის მოსამზადებელი კლასისათვის, თბ., 1986;
- ხუფაცარია ე., მენთეშაშვილი ა, მიქელაძე ქ. სამანიშვილი ლ., დედაენა სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლის
- პირველი კლასისათვის, თბ., 1997.