სპეციალური მისია
სპეციალური მისია – (ლათ. ad hoc – სპეციალურად, მხოლოდ ამ შემთხვევისათვის), საგარეო ურთიერთობათა დროებით საზღვარგარეთ მდებარე ორგანო, რომელსაც ეწოდება დროებითი დიპლომატიური მისია.
სპეციალური მისიის სამართლებრივი რეგულირების მიზნით, 1969 ვენაში მიღებულ იქნა კონვენცია სპეციალური მისიის შესახებ. კონვენცია ძალაში შევიდა 1985 წლის 21.VI. კონვენციის I მუხლის თანახმად, სპეციალური მისია ატარებს წარმომადგენლობით და დროებით ხასიათს და იგზავნება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში ამ უკანასკნელის თანხმობით საკითხთა გარკვეული წრის განხილვის ან კონკრეტული ამოცანის შესრულების მიზნით.
სპეციალური მისიის ფუნქციები განისაზღვრება წარმგზავნი და მიმღები სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ფუნქციებთან შედარებით გაცილებით შეზღუდულია. სპეციალური მისიის სამართლებრივი მდგომარეობა ახლოსაა დიპლომატიური წარმომადგენლობის სამართლებრივ მდგომარეობასთან, თუმცა შეიძლება იგი მოქმედებდეს ისეთ სახელმწიფოთა შორისაც კი, რომელთაც ან ჯერ არა აქვთ, ან გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები.
სპეციალური მისიის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს პოლიტიკური მოღვაწე (სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური, მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი) ან სხვა უფლებამოსილი პირი, აგრეთვე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი.