სრულხმოვნობის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სრულხმოვნობის თეორია – ქართველოლოგიაში დამკვიდრებული მეცნიერული თეორია ქართველური არქეტიპული ფუძის პირვანდელი სტრუქტურის შესახებ. სრულხმოვნობის თეორია ეკუთვნის არნ. ჩიქობავას: მას აქტიურად უჭერდა მხარს ე. თოფურია. თავის დროზე ეს თვალსაზრისი გაზიარებულ იქნა გ· ახვლედიანისა და სხვათა მიერ.

სრულხმოვნობის თეორიის თანახმად, ივარაუდება ამოსავალი ფუძის (ძირისა და ფუძის გამაფორმებელი აფიქსების) სრული გახმოვანება ქართველური ფუძეენის დონეზე. კერძოდ, საერთოქართველურ ტიპობრივ ფუძეთა რეკონსტრუქცია ძირისა და ფუძის ამგები აფიქსების ამგვარ სტრუქტურულ მიმართებას წარმოაჩენს: *თაფ-ალ- (ქართ. თაფ-ლ-: ზან. თოფ-ურ-), *ძაღ-ალ- (ქართ. ძაღ-ლ-: სან. ჯოღ-ორ-), *იფექ-ალ- (ქართ. ი-ფქ-ლ: სვან. ფექ…).

ამ მიმართებების მიხედვით მიჩნეულია, რომ ზანური ფუძის ვოკალიზმი, თავისი სრულხმოვნობით, უფრო ახლოს უნდა იყოს ქართველური ფუძის არქეტიპულ მდგომარეობასთან, რამდენადაც ამ ენაში შენარჩუნებულია პირვანდელი სუსტი მახვილი. თავის მხრივ, ქართულსა და, განსაკუთრებით, სვანურში ქართველურ ენათა დიფერენციაციის შემდგომ ივარაუდება ძლიერი, მოძრავი დინამიკური მახვილის ამოქმედება, რომელსაც უნდა განეპირობებინა ხმოვანთრედუქციის იმ წესის ამოქმედება, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა, ერთი მხრივ, ქართულის, ხოლო, მეორე მხრივ, სვანურის ფუძეთა დამოუკიდებელი სტრუქტურები და ახალი (მოქმედი) მორფონოლოგიური კანონზომიერებანი. ამ ენათა განვითარების ბოლო ეტაპზე კი ივარაუდება მახვილის ფიქსირების ტენდენცია, როგორც შედეგი ფუძის საბოლოო ფორმირებისა.

ა. არაბული


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ, მახვილის საკითხისათვის ძველ ქართულში. – „სმამ“, I942, ტ. 1, №2, 13;
  • მისივე, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბ., 1942;
  • თოფურია ვ., რედუქციისათვის ქართველურ ენებში. –„იკე“, I. თბ., 1946;
  • ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ,, 1949.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები