სტვილია ლიდა
სტვილია ლიდა − (1938 − 2016), პოეტი. დაიბადა სოფელ ქვედა ხუნწში (მარტვილი). დაამთავრა სოფელ ციცხვაის საშუალო სკოლა და შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1971 წელს დაასრულა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში, საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოგრაფად, გამომცემლობა „ნაკადულის” რედაქტორად. მისი პირველი ლექსი − „ძირს რა დახრის“ – დაიბეჭდა 1955 წელს გაზეთში – „სოციალისტური სოფელი“, ხოლო პირველი კრებული – „დილა ვენახში“ – გამოიცა 1959 წელს სოხუმში. ლირიკული ლექსების 10 კრებულისა („ბედნიერების ბუდე“, „კოლხეთის ციცინათელები“, „კლდის ყვავილები“, „მთვარეს უყვარს აივანი ჩემი“ და სხვა) და საბავშვო ლექსების 6 კრებულის ავტორია, მათ შორისაა: „ბედნიერების ბუდე“ (1965), „გაზაფხული ზამთარში“ (1971), „მთვარეს უყვარს აივანი ჩემი“ (1989). თარგმნილი აქვს ოსი პოეტების კოსტა ხეთაგათის, გაფეზის, ნაფი ჯუსოითის ლექსები.
- ჩვენი ბებო
- ჩვენი ბებო ისეთია,
- სულ არა ჰგავს ბებიას,
- წელმოხრილი არ დადის,
- და არც თეთრი თმები აქვს...
- ნაოჭებიც არა აქვს,
- არ აკლია კბილებიც,
- მაგრამ ბებო რომ არის, –
- ვიცი დანამდვილებით.