სტიქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტიქსი – (ბერძნ.) ამავე სახელწოდების მქონე მდინარის ღვთაება. ოკეანოსისა და ტეთისის (სხვა ვერსიით, ერებოსისა და ნიქსის) ასული.
სტიქსი, ბერძენთა რწმენით, გარს ევლებოდა მიწისქვეშა სამყაროს. მისი მეუღლე იყო ტიტანი პალასი. მიუხედავად ამისა, ტიტანებისა და ახალი თაობის ღმერთების ბრძოლის ჟამს ზევსს საიმედოდ ამოუდგნენ მხარში სტიქსი და მისი შვილები: ძელოსი – სწრაფვა, კრატოსი – ძალა, ბიე – ძლიერება და ნიკე – გამარჯვება. ამ სიკეთისათვის სტიქსს უდიდესი პატივი ხვდა: ზევსის ბრძანებით, იგი ღმერთთა და ადამიანთა უწმინდესი საფიცარი გახდა. ღმერთი, რომელიც სტიქსის სახელით ცრუ ფიცს დადებდა, სასტიკად ისჯებოდა: იგი ერთი წელი მიცვალებულივით იდო, მომდევნო ცხრა წლით კი ოლიმპოსიდან უნდა გადასახლებულიყო.
ამ მითოსში აისახა უძველესი წარმოდგენები წყლის მაგიურ ძალაზე.