სტოლბოვოს ზავი 1617
სტოლბოვოს ზავი 1617 – „სამუდამო“ საზავო ხელშეკრულება რუსეთსა და შვედეთს შორის. დაიდო სოფელ სტოლბოვოში (ტიზეინის მახლობლად) 1617 წლის 27 თებერვალს.
ზავის მიხედვით, შვედეთმა რუსეთს დაუბრუნა ნოვგოროდი, სტარაია-რუსა, პორხოვი, ლადოგა და გდოვი მაზრებითურთ და სუმერის თემი. შვედეთს დარჩა იჟორის მიწები (ივანგოროდი, იამი, კოპორიე, ორეშეკი) და ქ. კორელა. სტოლბოვოს ზავის შედეგად რუსეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა ბალტიის ზღვას. რუსეთს უნდა გადაეხადა შვედეთისთვის 20 ათასი მანეთი. ორივე მხარის ვაჭრებს მიეცათ თავისუფალი ვაჭრობის უფლება რუსეთისა და შვედეთის ტერიტორიაზე. ამასთანავე, შვედ ვაჭრებს ეკრძალებოდა რუსეთის გავლით გადასვლა ირანსა და აღმოსავლეთში, სოლო რუს ვაჭრებს – შვედეთის ტერიტორიით წასვლა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში. ამავე ზავით დადგინდა საზღვრებიც რუსეთსა და შვედეთს შორის, რომელიც შენარჩუნებულ იქნა ჩრდილოეთის ომამდე (1700-21).