სტოლეტოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ალექსანდრე სტოლეტოვი – (რუს. Алекса́ндр Григо́рьевич Столе́тов, 1839 - 1896, რუსი ფიზიკოსი.

სტოლეტოვი დაიბადა ვაჭრის ოჯახში 1860 წ. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, ორი წლის შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც დაიწყო მუშაობა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში კირხჰოფის, ხოლო გეტინგენში – ვებერის ხელმძღვანელობით. მუშაობდა პარიზშიც. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა მოსკოვის უნივერსიტეტში. ემზადებოდა სადოქტორო დისერტაციის დასაცავად მაგნეტიზმში, ისევ გაემგზავრა საზღვარგარეთ, რათა კირხჰოფის ლაბორატორიაში მოემზადებინა თემის ექსპერიმენტალური ნაწილი, ამ ნაშრომის შედეგებს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ელექტროტექნიკისათვის.

სტოლეტოვს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფოტოეფექტის მოვლენაზე გამოკვლევებმა, რომლებსაც აწარმოებდა 1888-90 წლებში, მისი ნაშრომები მაგნეტიზმში ელექტრული მანქანების გაანგარიშების საფუძველი გახდა.

ამ გამოჩენილი მეცნიერის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა პედაგოგიურ მოღვაწეობას და რუსეთში განათლებისა და მეცნიერების განვითარებისაკენ მიმართულ საქმიანობას. საკუთარი გამოცდილების და საზღვარგარეთ ნანახის საფუძველზე მან იცოდა, რომ ექსპერიმენტიდან მოწყვეტით ფიზიკის ნაყოფიერი შესწავლა არ შეიძლება. ამიტომ ძალასა და დროს არ იშურებდა მოსკოვის უნივერსიტეტთან კარგად აღჭურვილი ფიზიკური ლაბორატორიის შექმნისათვის. ასეთი ლაბორატორია სტოლეტოვის წყალობით ჩამოყალიბდა 1870 წელს.

სტოლეტოვი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას, 1882 წელს ხელმძღვანელობა გადასცა თავის მოსწავლეს ა. პ. სოკოლოვს.

უნივერსიტეტის სტოლეტოვისეულ ლაბორატორიაში სტუდენტური პრაქტიკუმის გარდა ტარდებოდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბევრი ცნობილი რუსი მეცნიერის, მათ შორის ლებედევის მიერ. სტოლეტოვის ლაბორატორიაში ხორციელდებოდა ცნობილი ცდები ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედებაზე და იქ დაწყებულმა გამოკვლევებმა მიგვიყვანა მყარ სხეულებზე სინათლის წნევის აღმოჩენამდე.

ალექსანდრე სტოლეტოვი მეცნიერული, მეცნიერულ- კრიტიკული შრომების და სახელმძღვანელოების ავტორია. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი სახელმძღვანელო „აკუსტიკისა და ოპტიკის შესავალი“, გარდა ამისა ამ გამოჩენილმა ფიზიკოსმა დაწერა მეცნიერულ-პოპულარული ნაშრომებიც.

სტოლეტოვი მიეკუთვნებოდა პროგრესულ ინტელიგენციას და კრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის იმდროინდელი წყობილებისადმი, რის გამოც მეფის ხელისუფალთა წყრომა დაიტეხა თავს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიდი მეცნიერი, შესანიშნავი პროფესორი და კეთილშობილი ადამიანი მეცნიერებათა აკადემიის წევრთა რიგებში არ მიიღეს.

სტოლეტოვი მონაწილეობდა სხვადასხვა მეცნიერული საზოგადოების მუშაობაში, აგრეთვე საერთაშორისო კონფერენციებშიც. მისი წინადადებით ელექტრული წინაღობის ერთეულად მიღებულ იქნა ომი.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები