სტრატეგიული ვითარება
სტრატეგიული ვითარება - სტრატეგიული ვითარება ყალიბდება ომში, საომარი მოქმედებების თეატრში (ომის თეატრში) ან სტრატეგიულ მიმართულებაზე გარკვეული დროისთვის. ფასდება საომარი მოქმედების თეატრში სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ, ხოლო შეიარაღებული ძალების და საომარი მოქმედებების თეატრში - მთავარსარდლობის მიერ.
სტრატეგიულ ვითარებაზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენს მეომარი სახელმწიფოების პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური მდგომარეობა, მათი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და ბრძოლისუნარიანობა.
იმ გარემოს მიხედვით, რომელშიც წარმოებს საბრძოლო მოქმედებები, განასხგანასხვავებენ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სტრატეგიული ვითარებას. ზოგადი ვითარების ელემენტებია: ბიოლოგიური, საინჟინრო, ყინულოვანი, სამედიცინო, ნაღმური, საზღვაო, სანავიგაციო, რადიაციული, რადიოელექტრონული, ტექნიკური, ლოგისტიკური, ქიმიური, ელექტრომაგნიტური, ეპიდემიური, ეპიზოოტიური ვითარება.
ჯარების (ძალების) ეფექტიური მართვის მიზნით სარდლები (მეთაურები) და შტაბები გამუდმებით აწარმოებენ ვითარების ამსახველი ცნობების მოპოვებას ყველა შესაძლო ხერხით, სწავლობენ და აფასებენ მათ. ვითარების შეფასებიდან გაკეთებული დასკვნები ხდება საფუძველი ოპერაციის (ბრძოლის) წარმოების გადაწყვეტილების მისაღებად და საბრძოლო მოქმედების ამოცანების დასაზუსტებლად. მანევრებზე, ტაქტიკურ სწავლებებსა და მეცადინეობებზე სასწავლო საკითხების დასახვეწად ხელმძღვანელობა რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ სასწავლო ვითარებას ქმნის.