სტრუქტურალიზმი
სტრუქტურალიზმი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ-ერთი მეთოდი, რომლის მიზანია აღმოაჩინოს, აღწეროს და განმარტოს აზროვნების სისტემა, რაც საფუძვლად უდევს ძველ თუ ახალ ნაწარმოებს.
სტრუქტურალიზმი აღმოცენდა 1940-50 წწ. ფრანგი ეთნოლოგის კ. ლევი-სტროსის შრომების საფუძველზე. სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტომების მითოლოგიის შესწავლამ იგი მიიყვანა ზედაპირული დაკვირვების (ზედაპირული სტრუქტურები, ტექსტების ვარიანტები) და კონსტრუქტების (სიღრმისეული სტრუქტურები, ინვარიანტობა, მითის „ენა“) დონის დაპირისპირებამდე. მითს იგი განიხილავს როგორც კოლექტიურ-არაცნობიერ ინვარიანტულ (უცვლელ) სტრუქტურას, რაც სხვადასხვა სახეცვლით ვლინდება ზღაპრებში, წეს-ჩვეულებებში, სიმღერებში (და ა.შ.), რომელთა შესწავლა საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ მითი. აქედან მომდინარეობს შინაარსობრივი პარალელები ვარიაციული ტექნიკით და მუსიკალური ფუგის ფორმით.
სტრუქტურალურ გამოკვლევაში დიდ როლს თამაშობს ტრანსფორმაციული ანალიზი – ანუ ძიება იმ გზისა, როგორ განლაგდება ინვარიანტული ვარიანტულში, როგორ ხდება გადასვლა ერთი კოდიდან მეორეში.
სტრუქტურული ანალიზის დროს, ჩვეულებრივ, გამოიყოფა ორი ალტერნატივა – ბინარული (ორი კომპონენტისგან შემდგარი) ოპოზიცია. მითში ეს არის სიცოცხლე – სიკვდილი, საკუთარი უცხო, მამაკაცური – ქალური, უმი – მოხარშული (და ა.შ.).
მითოლოგიაში ლევი-სტროსი ხედავს არაცნობიერი ლოგიკური ოპერაციების ურთულეს სისტემას, რომლის შემწეობით ხერხდება ბინარული (გაორებული) ოპოზიციის წინააღმდეგობათა დაძლევა სტრუქტურალიზმი ბინარულ ოპოზიციას ანიჭებს უნივერსალურ მნიშვნელობას.