სუბსტანტივაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუბსტანტივაცია – (< ლათ. substantivum – არსებითი სახელი), ტრანსპოზიციის კერძო სახე – ამა თუ იმ მეტყველების ნაწილის არსებით სახელად გადაქცევა, გაარსებითება რაიმე წარმოსაქმნელი ელემენტის დართვის გარეშე. შეიძლება გასუბსტანტივდეს ყოველი მეტყველების ნაწილი, როცა იგი საგნობრიობის აღმნიშვნელი ხდება და გრამატიკული ნიშნების მიხედვითაც არსებით სახელს უთანაბრდება. ყველაზე გავრცელებულია ზედსართავი სახელის სუბსტანტივაცია. („კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი – არც თავის დედასა.“ ვაჟა-ფშაველა). არსებითად შეიძლება იქცეს პირის ნაცვალსახელი („ეს უკანასკნელი პასუხს აძლევდა პირველ „მე“-ს, ვაჟა-ფშაველა), რიცხვითი სახელი („ყველა საგანში ხუთები აქვს“); ზმნიზედა („ხვალემ იკითხოს ხვალისა“); ზმნის პირიანი ფორმა („არმინდამ ცხრა ხინკალი შეჭამაო“, ანდაზა; ნაწილაკი („არც ჰოს ამბობდა და არც არას“).

სუბსტანტივაცია შეიძლება იყოს სრული, როცა ზედსართავი ან სხვა რომელიმე მეტყველების ნაწილი გაარსებითდება და თავის პირვანდელი ფუნქციით აღარ გამოიყენება (სამკუთხედი, ცხენოსანი, სათვალე, საყურე, ნაყინი, საცივი…); არასრული, როცა ზედსართავი (ან სხვა მეტყველების ნაწილი) ზოგ შემთხვევაში გაარსებითებულია, სხვა შემთხვევაში კი ისევ ზედსართავია (მორიგე, სასადილო, სამხედრო.); ოკასიონალური, როცა ზედსართავი არსებითის ფუნქციით მხოლოდ მოცემულ კონტექსტში გამოიყენება – ძუნწი და ალალ-მართალი.

ნ. ჭუმბურიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები