სუბსტრატი (ლინგვისტიკა)
სუბსტრატი – (< ლათ. substratum, sub– ქვე. stratum – შრე), ენა, რომელიც გავლენას ახდენს ამავე ტერიტორიაზე უფრო გვიან (ომების, მშვიდობიანი მიგრაციების შედეგად) გავრცელებულ სხვა ენაზე. გარკვეულ ტერიტორიაზე ორი (შესაძლოა მონათესავე) ეთნოსის, და შესაბამისად ორი ენის, მჭიდრო თანაარსებობის პირობებში ერთი ეთნოსი (პოლიტიკური ან ეკონომიური ფაქტორების გავლენით) მოსალოდნელია გაბატონდეს მეორეზე, რასაც თან ახლავს გამარჯვებული ეთნოსის ენის გაბატონება და მეორის დაკარგვა. მაგრამ „დამარცხებული“ ენა შესაძლებელია უკვალოდ არ გაქრეს და მისი გარკვეული ნიშნების კვალი მეტ-ნაკლებად შემორჩეს გამარჯვებულ ენას. ენას, რომელიც წყვეტს არსებობას, მაგრამ რაიმე ფორმით აისახება დარჩენილ, „გამარჯვებულ“ ენაში (აგრეთვე იმ ნიშნებსაც, რომელებიც მიიჩნევიან გამქრალი ენიდან მომდინარედ), უწოდებენ სუბსტრატს. სუბსტრატი ენაა, მაგ., ადგილობრივი კელტური ენა ინგლისურისათვის. ასევე სუბსტრატის როლში გამოდის მცირე აზიაში გავრცელებული ხათური (პროტოხეთური) ენა ინდოევროპული ხეთური (ნესიტური) ენისათვის, რომელშიც აშკარად იკვეთება ხათურის კვალი. „დაკარგული“ იბერიული ენის ნიშნები ვლინდება გვიანდელ რომანულ დიალექტებში და ა. შ.
სოციოლინგვისტიკაში ტერმინით „სუბსტრატი“ აღნიშნავენ იმ კოლექტივის პირველად ენას, რომლის წევრები იძენენ მეორე ენას, მაგრამ პირველადი ენა გავლენას ახდენს მასზე. ასე მოხდა დასავლეთ აფრიკული პიჯინ და კრეოლური ენების (იხ. ენობრივი კონტაქტების ტიპოლოგია) შემთხვევაში, რომელთა სუბსტრატი ენა იყო ადგილობრივი დასავლურ-აფრიკული ენები (იგბო, ფორუბა და სხვა). შემდეგ ტერმინი გაფართოვდა და აღნიშნავს პირველად ენას საერთოდ იმ მოლაპარაკეთათვის, რომლებიც ეუფლებიან მეორე ენას, მაგრამ მასში შეაქვთ პირველადი ენის ფორმები.