სულფატმედეგი ბეტონი
სულფატმედეგი ბეტონი − ბეტონი, რომელიც დამზადებულია სპეციალურ ცემენტზე (მჟავამედეგი, გოგირდიანი, ფოსფატური, გაფართოებადი, დამძაბავი, მაგნეზიური და სხვ.). ბეტონისათვის მეტად საშიშია სულფატების (გოგირდმჟავას ნაერთების) შემცველი წყალი (თბილისის მიწისქვეშეთში არსებული წყლების აბსოლუტური უმრავლესობა), რომელიც ბეტონის ნელი ფილტრაციის გამო დროთა განმავლობაში შლის მას. აგრესიული მოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება, თუ წყალი წნევით მოქმედებს ბეტონის კონსტრუქციაზე. ამ შემთხვევაში, მცირე წნევის დროსაც, გახსნილი აგრესიული ნივთიერების რაოდენობა, რომელიც აღწევს ცემენტის ქვაში, ბევრად აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც აღწევს მასში დიფუზიის შედეგად. ამიტომ კონსტრუქციაში, რომელიც იმყოფება წნევის ქვეშ, კოროზიული პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. სულფატების შემცველი წყლის აგრესიული მოქმედების შედეგად ბეტონი იჯირჯვება, კონსტრუქციაზე ჩნდება ბზარები. დაშლის ასეთი ხასიათი განპირობებულია იმით, რომ ცემენტის ქვასთან სულფატების ურთიერთქმედებისას ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს რთული კომპლექსური ნაერთების – კალციუმის ჰიდროსულფოა-ლუმინატების წარმოქმნით, ამიტომ მნიშვნელოვანია თბილისის პირობებში მიწისქვეშა მშენებლობა ვაწარმოოთ სულფატმედეგ ცემენტზე (უშვებს რუსთავის ცემენტის ქარხანა) დამზადებული სულფატმედეგი ბეტონით. ბეტონის სულფატმედეგობა მაღლდება ცემენტში პუცოლანის დამატებით ან სულაც ცემენტის ნაწილის შეცვლით პუცოლანით. საშუალო და სუსტ აგრესიულ გარემოში სულფატმედეგი ბეტონის ალტერნატივაა მაღალი სიმკვრივის წყალუჟონადი ბეტონი.