სუყაშვილი ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სუყაშვილი ზაზა – (1992), პოეტი. დაიბადა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში (აზერბაიჯანი, ჰერეთი). 2009 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 2009-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე. 2007 წლიდან დღემდე მისი ლექსები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში და საერთო კრებულებში: „მესამე თვალი“, „ლექსების გამოფენა-2012“, „ხარს ვგევარ ნაიალაღარს...“, „ალავერდობა“, „თავფურცელი“, „ინსპირაცია“, „შეყვარებულთა წიგნი“; გამოცემული აქვს კრებული „მისამართი“ (2017).
- ალაზნის მიღმა საქართველოში
- რამდენჯერ ცრემლით დაუწყია თვალის გახელა,
- თუმცა ძარღვებში დარდმა გენი ჯერ ვერ ჩახუთა!
- ძნელია, როცა საინგილო ჰქვია სახელად
- და ვერ იბრუნებს ისტორიულ ჰერეთს – საკუთარს…
- დროის დინებამ ამოხია მატიანედან,
- განგებამ დააკაბადონა, როგორც წიგნაკი.
- -იცით? - იწყება საქართველო სწორედ აქედან,
- ჰოდა ვალია, გავუფრთხილდეთ! ამის მიღმა კი
- წყალს წაუღია უდაბნო და მთები – ხრიოკი!
- მინდა სოფელში ბერიკაცი დიჲლიგს ბარავდეს,
- მერე ბოსტნიდან (საღამო ხანს) პაპა იობის
- მეზობლის ბავშვი საზამთროს და კიტრებს პარავდეს.
- ღამით კი ლოცვით მიდიოდეს ბებო ხატებთან
- და უფალს მშვიდად გათენებას ეხვეწებოდეს…
- და ცხელი ცრემლი, ნაოჭიან, ფერმკრთალ ღაწვებთან
- დაგუბებული, ჟონავდეს და მეწვეთებოდეს!
- სანატრელია! მენატრება სოფლის მთა-ველი,
- შორიდან მესმის მშობლიური კუთხის ნანინა.
- ქვეყნად გამჩენო, დაკარგული ყველა მტკაველი
- ნეტავი, პეშვით სამშობლოში მომატანინა!
- ჭრილობებს სულზე ჩუმი ლოცვით გაიმთელებენ,
- დაუბრუნდება ბაირაღი ჰერელ მედროშეს...
- იქართველებენ!.. ძველებურად იქართველებენ
- ალაზნის მიღმა… გასხვისებულ საქართველოში!