სუხიშვილი ილიკო (უფროსი)
ილიკო სუხიშვილი − ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დირექტორი და მხატვრული ხელმძღვანელი ნინო რამიშვილთან ერთად, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, ლენინის ორდენის, შრომის წითელი დროშის ორდენის, საპატიო ნიშნის ორდენის, რუმინეთის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენის კავალერი, სტალინური პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, სხვა პრემიებისა და პრიზების ლაურეატი.
დაიბადა 1907 წელს თბილისში, მოსამსახურის ოჯახოჯახში, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1924 წელს დაამთავრა საქართველოს ხალხური ცეკვის სტუდია, 1926 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშია, სპექტაკლებში ქართულ ცეკვებს ასრულებს, 1928-1932 წლებში თეატრის მთავარი მოცეკვავე და ბალეტმაისტერია, დგამს ცეკვებს საკუთარი მონაწილეობით სპექტაკლებში (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მეღვინეთუხუცესის „1905 წელი“ და სხვ.).
1933 წელს ილიკო სუხიშვილი შემოქმედებითი მივლინებით მოსკოვის დიდ თეატრშია; 1935 წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს მედალს იმსახურებს; ერთ ხანს თბილისში თავის თეატრს უბრუნდება და მალე, ორი წლით (1939-1941) პროფესორ ალექსანდროვის ხელმძღვანელობით საბჭოთა არმიის წითელდროშოვან ანსამბლში იწყებს მუშაობას, მის შემადგენლობაში გამოდის ინგლისში, ნორვეგიასა და შვედეთში.
1941-1945 წლებში ილიკო სუხიშვილი კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დგამს ცეკვებს და გამოდის სოლისტად საბალეტო სპექტაკლებში. საქართველოს გარეთ მისი ხელმძღვანელობით იდგმება საბალეტო სცენები „დაისიდან“ და „ქეთო და კოტედან“ (კიევში), ბალეტი „კავკასიის ტყვე“ ლენინგრადის მუსიკალური კომედიის თეატრსა და მოსკოვის ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრში. წარმატებათა გამო ბალეტმაისტერს ჯერ საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1948 წელს სახალხო არტისტის წოდება ენიჭება.
1945 წელს ილიკო სუხიშვილმა, ნინო რამიშვილთან ერთად, ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი შექმნა, რომლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მეუღლესთან ერთად სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. ეს გახლავთ ანსამბლი, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ტრიუმფით შემოიარა კონტინენტები.
1949 წელს ილიკო სუხიშვილი სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.
1973 წელს ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის ილია სუხიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გარდაიცვალა ილიკო სუხიშვილი 1985 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო
- ქართველი ქორეოგრაფები
- ქართველი მოცეკვავეები
- ქართველი ბალეტმაისტერები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტები
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სუხიშვილები