სქიაზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სქიზმა - განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში, ეკლესიაში. ამ ტერმინით უმთვარესად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მომხდარი განხეთქილება აღინიშნება. მაგალითად, სქიზმა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ან განხეთქილებები კათოლიკურ ეკლესიაში, რამაც ანტიპაპიზმი წარმოშვა. განხეთქილებაში მყოფ ქრისტიან თანამორწმუნეთა ჯგუფს სქიზმატებს უწოდებენ. კათოლიკეები ასეთებად მიიჩნევენ მართლმადიდებლებს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, კათოლიკეები ერეტიკოსებად უნდა ჩათვალონ თუ სქიზმაში მყოფებად.

სქიზმა კათოლიკე ეკლესიაში

სხვადასხვა დროს პაპის სავარძელი შეიძლებოდა ერთდროულად რამდენიმე პაპს დაეკავებინა, რომლებსაც სხვადასხვა წარჩინებულები უჭერდნენ მხარს სასულიერო თუ საერო ფენებიდან. ასეთ მდგომარეობასაც სქიზმას უწოდებდნენ, ოღონდ უფრო ვიწრო, კათოლიკე ეკლესიასთან დაკავშირებული, მნიშვნელობით.

1378 წელს დაიწყო დასავლეთის დიდი სქიზმა. არჩეულ იქნა ორი პაპი - იტალიელი ურბან მეექვსე, რომელიც რომში დამკვიდრდა და კლიმენტ მეშვიდე, რომელიც თავიდან ნეაპოლში გაიხიზნა, შემდეგ კი ავინიონში დაბრუნდა. 1529 წელს პაპმა კლიმენტ მეშვიდემ უკანონოდ გამოაცხადა ჰენრი მერვეს ქორწინება ეკატერინე არაგონელთან. ამის გამო ჰენრი მერვემ გაწყვიტა კავშირი პაპთან. შეიქმნა ახალი დამოუკიდებელი ანგლიკანური ეკლესია. 1870 წელს ძველკათოლიკეებმა არ მიიღეს ვატიკანის პირველი კრების გადაწყვეტილებები, 1962-65 წლებში ტრადიციონალისტ-კათოლიკეთა ნაწილმა (პიუს მეათის წმინდა საძმო) არ მიიღო ვატიკანის მეორე კრების გადაწყვეტილებები.

ქიზმა მართლმადიდებელ ეკლესიაში

ე.წ. მართლმადიდებელი ქვეყნების ეკლესიები, ჩვეულებრივ, ავტოკეფალურია, მაგრამ იმათაც, ვინც არაა ავტოკეფალური და დამოუკიდებლობა სურს, ამის შესაძლებლობა, საეკლესიო კანონმდებლობის თანახმად, მოეპოვება. თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური თუ რელიგიური მიზეზის გამო ავტოკეფალიის აღიარება უკიდურესად გართულებულია ხოლმე. მაგალითად, უკრაინის თვითაღიარებული საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია წლებია, მოსკოვის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის მიღებას ითხოვს, რასაც მხარს უჭერს კონსტანინოპოლი და ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო (ასეთია აგრეთვე ბელორუსის, ჩერნოგორიისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიები). ამგვარი ვითარება, ჩვეულებრივ, ეკლესიების დაპირისპირების მიზეზი ხდება და მათ შორის ევქარისტიული კავშირი წყდება. ადგილობრივი უღიარებელი ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ ქვეყნის საპატრიარქოსთან თანაზიარების შეწყვეტას, როგორც წესი, დანარჩენ ეკლესიებთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაც მოჰყვება.

აზრთა და პრინციპთა სხვადასხვაობას ადგილი აქვს საღვთისმსახურო პრაქტიკასა და სახელმწიფოსთან, თუ განსხვავებულ კონფესიებთან ურთიერთობის საკითხშიც. 1051 წლის შემდეგ ამ მოტივების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში პირველი სერიოზული განხეთქილება 1652-1666 წლებში მოხდა. პატრიარქ ნიკონის ბრძანებით რუსეთის ეკლესიაში რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი ჩაასწორეს, რაც მორწმუნეთა ნაწილმა ერესად გამოაცხადა და კავშირი გაწყვიტა მოსკოვის ეკლესიასთან. განხეთქილების შედეგად წარმოიშვა სტაროობრიადცების ეკლესია, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე ნიკონის ეკლესიას უწოდებს.

სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებშიც მოხდა სქიზმები. მსოფლიოში დღეს ათეულობით დამოუკიდებელი მართლმადიდებლური სინოდია. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზის გამო დაუპირისპირდნენ ამა თუ იმ ეკლესიას სქიზმატური ეკლესიები შექმნეს. ამგვარი სქიზმა ზოგჯერ კალენდარული ცვლილებების, ზოგჯერ ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობის, ზოგჯერ კი კომუნისტურ რეჟიმთან ეკლესიის ლოიალური დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ განხორციელდა. ავტოკეფალურ ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას ბუნებრივად მოსდევს ხოლმე თხუთმეტივე მართლმადიდებლური ავტოკეფალიისგან გამიჯვნაც. ბოლო პერიოდში საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან განდგომილი რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია ჩამოყალიბდა.


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები