ტანანარივეს კონფერენცია 1961

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანანარივეს კონფერენცია 1961 – (აფრიკელ-მალაგასიური კავშირისა). ჩატარდა 6-12 სექტემბერს აფრიკის ქვეყნების მეთაურთა მონაწილეობით. ესენია: კამერუნი, სენეგალი, სპილოს ძვლის ნაპირი, დაპომეა (ახლანდელი ბენინი), ნიგერი, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, გაბონი, მალაგასი (ასლანდელი მადაგასკარი), მავრიტანია.

ტანანარივეს კონფერენციამ განიხილა საკითხი „თორმეტთა“ შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ და საბოლოოდ გააფორმა აფრიკულ-მალაგასიური კავშირის წარმოქმნა. კონფერენციაზე ხელი მოაწერეს აფრიკულ-მალაგასიური კავშირის ქარტიას, რომელმაც მთავარ ამოცანად დაისახა თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკაში, საერთო უსაფრთხოების კოლექტიური უზრუნველყოფა და ეკონომიკური თანამშრომლობა. საერთო გადაწყვეტილებათა მისაღებად წელიწადში ორჯერ უნდა მოეწვიათ სახელმწიფოების ხელმძღვანელთა თათბირი. მუდმივი სამდივნოს ადგილსამყოფლად გამოცხადდა ქ. კოტონუ (დაპომეა).

ტანანარივეს კონფერენციაზე დაიდო „ერთობლივი თავდაცვის პაქტი“, რომელიც ითვალისწინებდა კავშირის წევრი ქვეყნების ურთიერთდახმარებას საგარეო აგრესიისა ან შინაგანი დაძაბულობის შემთხვევაში. აქვე შეიქმნა თავდაცვის კავშირი, კოლექტიური თავდაცვის სისტემის საერთო ხელმძღვანელობა დაეკისრა თავდაცვის უმაღლეს საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ პაქტის მონაწილე ყველა ქვეყნის თავდაცვის მინისტრები. ტანანარივეს კონფერენციამ საბოლოოდ გააფორმა აგრეთვე ეკონომიკური თანამშრომლობის აფრიკულ-მალაგასიური ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც ექნებოდა მუდმივი კომიტეტები ეკონომიკური და სოციალური განვითარების, საგარეო ვაჭრობის, სავალუტო პრობლემების შესწავლის, მეცნიერებისა და ტექნიკის საკითხთა დარგში. კონფერენციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს კონვენციებს დიპლომატიური წარმომადგენლობის, იურიდიული საკითხების, უცხოელ პირთა მოქალაქეობისა და უფლებების, ტელეკომუნიკაციების შესახებ. დიპლომატიური წარმომადგენლობის შესახებ კონვენციაში გათვალისწინებული იყო მონაწილე ქვეყნების კოლექტიური წარმომადგენლობა იმ სახელმწიფოებში, რომლებიც არ შედიოდნენ აფრიკულ-მალაგასიურ კავშირში.

საერთაშორისო პრობლემების შესახებ, რომლებიც კონფერენციაზე განიხილეს (ალჟირის საკითხი, 1961 საფრანგეთის აგრესია ბიზერტაში, მდგომარეობა კონგოში), მონაწილეებმა დაიკავეს დასავლეთის სახელმწიფოთა, პირველ ყოვლისა კი, საფრანგეთის მსგავსი პოზიცია (საფრანგეთი იყო აფრიკულ-მალაგასიური კავშირის ქვეყნების ყოფილი კოლონიური მეტროპოლია. იგი ამ ქვეყნებში კვლავ ინარჩუნებდა ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას), მაგრამ, ამასთანავე, კონფერენციის მონაწილენი გამოვიდნენ საყოველთაო და კონტროლს დაქვემდებარებული განიარაღების მომხრედ. კონფერენციაზე ცნეს ორი გერმანული სახელმწიფოს არსებობა, დაგმეს რასიზმის პოლიტიკა. რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ატარებდა, დაგმეს აგრეთვე ანგოლაში პორტუგალიელი კოლონიზატორების ქმედებანი, კონფერენციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების დეკლარაციის სწრაფად განხორციელებას. აფრიკულ-მალაგასიერი კავშირი, რომლის შექმნაც ტანანარივეს კონფერენციაზე დასრულდა, არსებობდა 1964-მდე, როცა იგი აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გარდაიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის აფრიკულ-მალაგასიურ კავშირად, რომლის ბაზაზეც, თავის მხრივ, 1965-66 აღმოცენდა აფრიკულ-მალაგასიური საერთო ორგანიზაცია.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები