ტანჟერინები
ტანჟერინები - (C. tangerina Ten.) წარმოადგენს იტალიური მანდარინის მსგავს ჯგუფს.
ხე პატარაა, ნაგალა ან ბუჩქისებრი. ვარჯი (კრონა) საკმაოდ გაშლილი ახასიათებს. ფოთლები კი – წვრილი, ვიწრო, მოგრძო და მახვილწვეტიანი. ფოთლის ყუნწი პატარაა, ვიწრო ან შემორკალულფრთიანი. ეკლები არა აქვს.
ნაყოფი თხელკანიანია. კანი, მანდარინებთან შედარებით, უფრო მიმაგრებულია ხორცზე. ნაყოფი შეწითლებული ნარინჯისფერია. ნაყოფის ფუძე ძუძუსთავისმაგვარად ამოწეულია და ნაოჭიანია, ძლიერ წვრილი ეთერზეთოვანი ჯირკვლები ზედაპირულია. ნაყოფის ზედაპირი პრიალა და გლუვია. ხორცი უხვწვნიანია, ტკბილი და საამო გემოსი. სეგმენტები წვრილი და მრავალი აქვს. აპკი თხელია და ნაზი. თესლი საშუალოა, ნისკარტიანი, გამსხვილებული მუცლით. ქალაძის საფარი წითელია; ლებანი რამდენიმეა, მწვანე. მანდარინების უპირატესობა ტანჟერინებთან შედარებით მხოლოდ ნაყოფის უთესლობაა, სხვა მაჩვენებლებით კი ის მანდარინზე უფრო მაღლა დგას.
ტანჟერინები მრავალი ფორმით არის წარმოდგენილი. ჩვენში ყველაზე უკეთესი და უფრო გავრცელებულია კლემენტინი.
კლემენტინი წარმოადგენს 2,5 მ. სიმაღლის, ნახევრადბუჩქნარ ან ნაგალა ხეს. ვარჯი სქელი, უხვად შეფოთლილია. ფოთლები გრძელია, ლანცეტისებრი და წვერწაწვრილებული, ფუძე ფართო აქვს. მუხლთაშორისები მოკლეა. ტანჟერინის წარმოშობა გაურკვეველია. ფიქრობენ, რომ ის იტალიური მანდარინის და C. Salicifolia ჰიბრიდია.
ნაყოფი მრგვალი კონუსისებრია, ძუძუსთავისმაგვარად ამოწეული და ჯამის ირგვლივ ბორცვებიანი, წონა 95 გრ-მდე, დიამეტრი 5,2–5,8 სმ-მდე, სიმაღლე 4,4–5,7 სმ. ფერი მოწითალო ნარინჯის. ზედაპირი გლუვია, ახასიათებს საშუალო რაოდენობის ეთერზეთოვანი ჯირკვლები. ალაგ-ალაგ ეს ჯირკვლები ისე დიდია და კანში ღრმად ჩამჯდარი, რომ იწვევს ზედაპირის უსწორმასწორობას.
ნაყოფის წვერი ჩაღრმავებულია და დინგის კვალის ირგვლივ ნაოჭიანი. ფუძე ძუძუსთავისმაგვარია, ბორცვიანი. ჯამი ჩამჯდარია სიღრმეში. სურნელება სპეციფიკური, მუშკამბრისებრი. კანი 3–4 მმ. სისქის, მკვრივი, სქელი, მოყვითალო თეთრ ქვედაფენიანი; ხორცს ადვილად სცილდება. გულის ღერძი მოზრდილია 8–9 მმ. დიამეტრით. უფრო ხშირად ნახევრად ამოვსებულია. სეგმენტები – 8–11, მახვილსოლისებრი, ფუძესთან შემოკრულია ალბედოთი, სეგმენტები არათანაბარია, ურთიერთთან საშუალოდ დაკავშირებული. საწვნე უჯრედები თითისტარისებრია: მოგრძო და სამკუთხედი, ზომა ცვალებადია, წვენი – უხვი, უფერული, ტკბილი. ხორცი ნაზი, მაგრამ მკვრივი და ეს ამცირებს სინაზეს. ხორცი ნარინჯისფერია.
თესლი მრავალი აქვს, 20-ზე მეტი, ცვალებადი ფორმისა და სიდიდის; მსხვილი, მოგრძო ან ნისკარტიანი. ლებნები მწვანეა, ზოგჯერ კი თეთრი. ქალაძას საფარი მოვარდისფერო წითელია. ლებანი ორი აქვს, თეთრლებნიანი თესლის ქალაძას საფარი მოყავისფეროა.
ჩაქვში გვხვდება თავისებური კლემენტინი, რომელიც განსხვავდება მხოლოდ ნაყოფის ფორმა-მოყვანილობით. მისი ნაყოფი ტიპიურად მრგვალია, ჩამჯდარი ჯირკვლებით, რომელიც აჩენს წვრილმარცვლიან, შაგრენისებრ ზედაპირს. ჯირკვლები ზედაპირულიცაა. წონა 80–50 გრ, სიმაღლე – 4,6–5,0 სმ-მდე, დიამეტრი 4,4–5,6 სმ, ფერი ლამაზი, მოწითალო-ნარინჯისფერი აქვს. წვერი ჩაღრმავებულია, დინგის კვალის ირგვლივ ეტყობა მკვეთრი და ფართო რგოლი. ფუძე მოსწორებული და მცირებორცვიანია, კანი თხელია 0,2–0,3 სმ. სისქისა, გარე შრე ნარინჯისფერია. გულის ღრუ პატარაა, ცარიელი. სეგმენტები – 9–10, არათანაბარი და მახვილსოლისებრი. ურთიერთშორის სუსტი დაკავშირება ახასიათებს. საწვნე უჯრედები მოკლე, მაგრამ მსხვილია, წვენი უხვი და ტკბილი. სიმჟავე თითქმის არ ემჩნევა. ხორცი ნაზია, სასიამო კონსისტენციის; აქვს სპეციფიკური სუსტი სურნელება. თესლი ცოტა აქვს, 3–6 თითო ნაყოფში. ლებნები ღია მწვანეა; შიგა საფარი მოვარდისფროა, ქალაძასთან წითელია, ჩანასახი მწვანეა; ლებანი, როგორც წესი, – ორია.