ტარტიუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ტარტიუფი” − ფრანგი კომედიოგრაფის მოლიერის პიესა, დაწერილი 1664 წელს.

მოლიერის „ტარტიუფი” გრანდიოზულ სამეფო დღესასწაულზე უნდა წარმოედგინათ, 1664 წლის მაისში, ვერსალში. თუმცა პიესამ სამეფო კარის ზეიმი ჩაშალა. მოლიერის წინააღმდეგ ნამდვილი შეთქმულება დაიგეგმა, რომელსაც დედა დედოფალი – ანა ავსტრიელი – ედგა სათავეში. მოლიერი დაადანაშაულეს რელიგიის და ეკლესიის შეურაცხყოფაში, რის გამოც უნდა დასჯილიყო. პიესა, რა თქმა უნდა, აიკრძალა.

მოლიერი შეეცადა პიესის ახალი რედაქციით დადგმას. პირველ რედაქციაში ტარტიუფი სასულიერო პირი იყო, რომელიც ორგონის ცოლთან არშიყში ამხილეს, მაგრამ მოხერხებულად დააღწია თავი ამ სიტუაციას. ტარტიუფის გამარჯვება არაორაზროვნად მიანიშნებდა იმაზე, რომ თვალთმაქცობა დამანგრეველი და საშიში გახლდათ.

მეორე რედაქციაში (1667) დრამატურგმა პიესა გაზარდა, სამ მოქმედებას კიდევ ორი დაუმატა, სადაც აჩვენა თვალთმაქცი ტარტიუფის კავშირები სამეფო კართან, სასამართლოსა და პოლიციასთან. ტარტიუფს სახელი შეუცვალა, პანულფი დაარქვა და წარჩინებულ ადამიანად მოგვივლინა, რომელსაც განზრახული ჰქონდა ორგონის ქალიშვილ მარიანაზე ქორწინება. კომედია პანულფის დამარცხებანიღბის ჩამოხსნით და მეფის განდიდებით მთავრდება. ამ ორ ვერსიას ჩვენამდე არ მოუღწევია, ხოლო მესამე რედაქციაში, რომელიც 1669 წლით თარიღდება, ფარისეველს ისევ ტარტიუფი დაერქვა, პიესას კი − „ტარტიუფი, ანუ ფარისეველი”.

მეფემ იცოდა პიესის შინაარსი და ჩანაფიქრი მოსწონდა კიდეც, მაგრამ აკრძალვა მაინც ვერ მოხსნა. მოლიერი ევედრებოდა, თავს იმართლებდა, სატირის მნიშვნელობას, აუცილებლობას ახსენებდა ხელისუფალს, მაგრამ ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო, მეფე ვერ წავიდა ეკლესიის და მისი ფანატიკოსების წინააღმდეგ. პიესის დადგმის უფლება არ მისცა, მაგრამ ზოგიერთი „წმინდანის” მოსაზრებაც არ გაითვალისწინა. ისინი არამარტო წიგნის დაწვას, არამედ მოლიერის დაწვასაც ითხოვდნენ: „დაიწვას არა მხოლოდ პიესა, არამედ მისი ავტორიც, დემონი, უღმერთო და ცოდვილი, ეშმაკისეული ქმნილების დამწერი, რომელშიც ის დასცინის ეკლესიის და რელიგიის ფუნქციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.

ასეთი აგრესიის, დევნის პირობებში პარადოქსული რამ ხდება, აკრძალულ კომედიას სასახლეებში, სახლებში კითხულობენ, ხელნაწერს ავრცელებენ, დახურულ წარმოდგენებს მართავენ (მაგ. პრინც კონდეს სასახლეში, შანტილიში).

1666 წელს დედა-დედოფალი გარდაიცვალა, ამან ლუდოვიკო XIV-ს საშუალება მისცა, მოლიერს პიესაზე აკრძალვის მოხსნას დაჰპირებოდა. 1668 წელი, ორთოდოქსულ კათოლიკურ ეკლესიასა და იანსენიზმს შორის „საეკლესიო მშვიდობის” დამყარების წლად გამოცხადდა, რამაც ხელი შეუწყო მიმტევებლობას რელიგიურ საკითხებში. სწორედ ამ დროს მოლიერმა „ტარტიუფის” დადგმაზე თანხმობა მიიღო. 1669 წლის 9 თებერვალს პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

და მაინც რა გახდა „ტარტიუფის” გარშემო ატეხილი სკანდალის მიზეზი? ფარისევლობის თემა მოლიერს მანამდეც აწუხებდა და მოსვენებას არ აძლევდა. მლიქვნელობა, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში სუფევდა, უცხო არ იყო დრამატურგისთვის. განსაკუთრებით ამ მანკიერებას რელიგიურ საზოგადოებად წოდებულ „წმინდა ნაწილების საზოგადოებაში” ჰქონდა ადგილი. „საზოგადოებას” ანა ავსტრიელი მფარველობდა და მისი წევრები იყვნენ დიდგვაროვნებიც და ბურჟუებიც. მეფისაგან სანქცირებული არ იყო იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც 30 წელი ანხორციელებდა თავის ბნელ საქმეებს (დევნიდა „ერეტიკოსებს”, იზიდავდა არალეგალურ ფინანსებს და ასე შემდეგ). მათ დევიზიც ჰქონდათ: „აღკვეთე ყოველგვარი ბოროტება, დაეხმარე სიკეთეს”, ამ ჰუმანური მოწოდების მიღმა საზოგადოების მთავარი მიზანი იყო თავისუფალი აზრის აღმოფხვრა, პროტესტი ეკლესიის და უსამართლობის წინააღმდეგ. ისინი, ფაქტობრივად, საიდუმლო პოლიციის მოვალეობას ასრულებდნენ, ვინაიდან აკონტროლებდნენ საზოგადოების პირად ცხოვრებას, ეჭვმიტანილებზე აგროვებდნენ ინფორმაციას და ფაქტებს აშიშვლებდნენ, რომ „დამნაშავეს” დანაშაული ეღიარებინა. საზოგადოების წევრები სიმკაცრეს და ასკეტიზმს ქადაგებდნენ და ყოველგვარი გართობის, მოდით გატაცების და თეატრის წინააღმდეგნი იყვნენ. მოლიერი აკვირდებოდა „წმინდა ნაწილების საზოგადოების” წევრების თავგასულ ქმედებებს, სწორედ აქედან დაიბადა პიესის სიუჟეტი, ხოლო ტარტიუფის სახე საზოგადოების წევრთა კრებითი თვისებებისგან შეიქმნა. მათ მსგავსად, ტარტიუფიც პოლიციასთან, მართლმსაჯულებასთან და სამეფო კართან დაახლოებული პირია. საკუთარ ნამდვილ სახეს გაღარიბებული დიდგვაროვნის ნიღაბს ამოფარებული მალავს და ეკლესიის თაღებს აფარებს თავს. ორგონის ოჯახში მარტივი მიზეზის გამო შეაღწევს: ორგონმა ახალგაზრდა ქალზე − ელვირაზე − იქორწინა, მის სახლში, ძველი ღვთისმოსაობის ნაცვლად, თავისუფალმა ქცევამ, მხიარულებამ და კრიტიკულმა აზრმა დაისადგურა. ამას გარდა, ორგონის მეგობარი არგასი პოლიტიკური დევნილია, რომელმაც მაკომპრომეტირებელი საბუთები მიანდო შესანახად. ასეთი ოჯახი დიახაც რომ საეჭვოდ მიიჩნეოდა „საზოგადოებისთვის” და თავისუფლად შეეძლოთ თვალთვალის დაწყება.

ტარტიუფი − უბრალოდ ფარისეველი კი არ არის, ის სოციუმის განზოგადებული სახეა. კომედიაში მხოლოდ ტარტიუფი არ არის ასეთი: მისი მოსამსახურე ლორანი, სასამართლო აღმასრულებელი ლოიალი, ორგონის მოხუცი დედა, ქალბატონი პერნელი − ისინი ერთსულოვნად ამოფარებულები არიან კეთილშობილურ საუბრებს და თვალდაუხუჭავად უთვალთვალებენ სხვების ქმედებებს.

ტარტიუფის ხასიათს მისი მოჩვენებითი „წმინდანობა” და მორჩილება ქმნიან, ის დაჯილდოებულია ფიზიკური მომხიბვლელობით, ზრდილი და ფრთხილი მანერები აქვს, რომელთა უკან ანგარება, პატივმოყვარეობა, შურისძიება და ძალაუფლების წყურვილი იმალება.

ორგონის ოჯახს ტარტიუფი კარგად მოერგო, ისე მოაწონა მასპინძელს თავი, რომ ნებისმიერი ახირების დაკმაყოფილების გარდა, საკუთარი ქალიშვილის, მარიანას ცოლად შერთვაც კი შესთავაზა. ორგონი ყველა საიდუმლოს გაანდობს ფარისეველს, მათ შორის საიდუმლო დოკუმენტაციის არსებობასაც. ტარტიუფი ბოლომდე მოიპოვებს ორგონის ნდობას იმიტომ, რომ კარგი ფსიქოლოგია, თავის მზაკვრულ ჩანაფიქრს რელიგიური დემაგოგიით ნიღბავს, ის საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ამიტომაც არც თოკავს მანკიერ ვნებას. მარიანა არ უყვარს, ის მხოლოდ სარფიანი გარიგების ნაწილია. მას ლამაზმანი ელვირას ცდუნება სურს. ტარტიუფის კაზუისტური მსჯელობები იმის შესახებ, რომ ღალატი ცოდვა არ არის, თუ მასზე არავინ შეიტყობს, ელვირაში აღშფოთებას იწვევს. დამისი, ორგონის ვაჟი, შეესწრება ფარულ პაემანს და ამხელს საზიზღარ ფარისეველს მამასთან, მაგრამ ის ისეთი თავგანწირვით შეუდგება თვითგვემას, რომ ორგონს ისევ თავის დამცველად აქცევს. როცა მეორეჯერ შეუსწრებენ, ტარტიუფი მხილებულია და ორგონი მას სახლიდან აგდებს. სწორედ აქ გამოავლენს მლიქვნელი საკუთარ მოღალატეობრივ, გამყიდველურ ბუნებას და იწყებს შურისძიებას.

მოლიერი არამარტო ამხელს ფარისევლობას, ტარტიუფში ის მნიშვნელოვან თეზას აყენებს: რატომ მისცა ორგონმა თავის ასე გაბიაბრუების და მოტყუების საშუალება? ამ უკვე ასაკოვანმა, გამოცდილმა, ჭკვიანმა, ნებელობით დაჯილდოებულმა მამაკაცმა, რატომ? იმიტომ რომ აჰყვა გავრცელებულ მოდას კეთილშობილებაზე და იმიტომ, რომ სადღაც, გულის სიღრმეში, დარწმუნებული იყო თავის უპირატესობაში ტარტიუფზე და ვერც წარმოიდგენდა, რომ ის გაბედავდა და მას წინ აღუდგებოდა. ორგონმა თავი აიძულა დაეჯერებინა ტარტიუფის ღვთისმოსაობა და „წმინდანობა” და მასში საკუთარ სულიერ მოძღვარს ხედავდა.

თუმცა, მალე, გამჭრიახი ტარტიუფის მარიონეტად იქცევა, რომელიც ურცხვად ამბობს, რომ „ორგონი მას უფრო დაუჯერებს, ვიდრე საკუთარ თვალებს”. ამის მიზეზი ორგონის მსოფლმხედველობის შეზღუდულობაა, ის ავტორიტეტების მორჩილებაშია აღზრდილი, ამიტომ სულ აქვს მოთხოვნა – ვინმე გააფეტიშოს. ასეთი აღზრდა არ აძლევს საშუალებას, კრიტიკულად შეხედოს მოვლენების განვითარებას და შეაფასოს მის გარშემო მყოფი ადამიანები. თუ ორგონს, ტარტიუფისთვის ნიღბის ჩამოხსნის შემდეგ, უბრუნდება სამყაროს ობიექტურად შეფასების უნარი, დედამისი − მოხუცი პერნელი − პატრიარქალური შეხედულებების მოტრფიალე, მაინც ვერ ხედავს ტარტიუფის ნამდვილ სახეს.

კომედიაში წარმოდგენილი ახალგაზრდა თაობა მაშინვე ამჩნევს ტარტიუფის მზაკვრობას. მაგ. მოსამსახურე დორინა, ბრძენი, ნათელი გონების პატრონი, რას არ მიმართავს, რომ შესაფერისი გზები გამონახოს ეშმაკ ნაძირალასთან საბრძოლველად, მაგრამ – ამაოდ.

„ტარტიუფს” დიდი სოციალური დატვირთვა ჰქონდა. მასში მოლიერი მხოლოდ ოჯახურ ურთიერთობებს და ინტრიგებს კი არ ასახავდა, არამედ საშინელ საზოგადოებრივ სიმახინჯეს − ფარისევლობას. პიესის წინასიტყვაობაში, რომელიც მნიშვნელოვანი თეორიული დოკუმენტია, მოლიერი ხსნის საკუთარი ნაწარმოების არსს. ის ამტკიცებს, რომ კომედიას დიდი საზოგადოებრივი დატვირთვა აქვს. ფარისევლობა როგორც მოვლენა, თან როცა ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოდის − ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ და მანკიერებად გვევლინება. თეატრს კი შეუძლია ამხილოს და წინააღმდეგობა გაუწიოს მანკიერებას. მოლიერის განმარტებით, სწორედ ფარისევლობაა მისი დროის საფრანგეთის მთავარი მანკიერება, ამიტომაც გახდა დრამატურგის სატირის ობიექტი. მოლიერმა დახატა სურათი, რომელსაც მძაფრად უნდა ემოქმედა ქვეყნის მმართველებზე.

და ბოლოს − გაიძვერა ტარტიუფს ბრძენი და სამართლიანი მეფე ამხელს. კომედიის ასეთი ხელოვნური ფინალით დრამატურგი მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ სასწაულს შეუძლია გაუსწორდეს „ტარტიუფებს”, რომლებიც ჯერ კიდევ ბატონობენ საფრანგეთში.

ტარტიუფის~ შექმნისას მოლიერმა გამოიყენა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხები: აქ ფარსის ელემენტებს აღმოაჩენთ (ორგონი მაგიდის ქვეშ იმალება), ინტრიგას (საბუთების ისტორია), ზნე-ჩვეულებათა კომედიას (მდიდარი ბურჟუის ოჯახში განვითარებული სცენები), ხასიათების კომედიას (მოქმედების განვითარება დამოკიდებულია გმირის ხასიათზე). თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოლიერის კომედია ტიპური კლასიცისტური კომედიაა. მასში მკაცრად დაცულია ყველა „წესი”: მისი დანიშნულება არამარტო გართობაა, არამედ მაყურებლის დამოძღვრაც.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები