ტბეთის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტბეთის ეკლესია – მაღალ მთაზე დგას წმიდა გიორგის ეკლესია, რომელიც გადმოცემით თამარ დედოფალს აუშენებია. თამარს ჩვეულებად ჰქონდა მოგზაურობა თავის სამეფოს დასათვალიერებლად. სადაც კი გაჩერდებოდა, ერთი დღეც რომ დაეყო, უეჭველად ეკლესია უნდა აეშენებინა. ამიტომაც მეფეს სულ მუდამ თან ახლდნენ ხუროთმოძღვრები და ჯარისკაცები, რომლებიც ამშენებლებს ქვას, კირს და ხე-ტყეს უზიდავდნენ, თან ახლდნენ ეპისკოპოსები, რომელთაც უნდა ეკურთხებინათ ახლადაგებული ეკლესია. ერთ დღეს აშენდებოდა, მეორე დღეს იკურთხებოდა, მესამე დღეს ამ ეკლესიაში თამარი წირვას მოისმენდა და გაუდგებოდა გზას.

ერთხელ თამარს ეკლესიის აშენება მოუნდომებია ერთ მაღალ სერზედ მთაში. მოუზიდვინებია ქვა და სხვა საჭირო მასალა. დაუწყიათ შენება, მაგრამ ცოტას რომ ააშენებდნენ, კედლები ინგრეოდა. ვერა და ვერ ააშენეს ეკლესია. მერე ერთმა მხლებელთაგანმა სიზმარში ნახა, რომ უნდა შეებათ უხედნელი ხარები ურემში, დაედოთ ამ ურემზე სასაძირკვლე ქვები. ხარებს იმდენ ხანს უნდა ეტარებინათ ქვები, სანამ მიწაზე არ დაეცემოდნენ და არ დაიხოცებოდნენ. და, სადაც დაიხოცებოდნენ, ეკლესიასაც იქ უნდა ჩაყროდა საფუძველი. მართლაც ასე მოიქცნენ: შეაბეს უხედნელი მოზვრები, დატვირთეს ურემი ქვებით და გაუშვეს, იარეს მოზვრებმა და, სადაც დაეცნენ და დაიხოცნენ, იმ ადგილზე დაიწყეს ეკლესიის შენება. რადგან ადგილი მაღალზე იყო, გაამწკრივეს ჯარისკაცები მდინარის რიყიდან მთის წვერამდე, რომ ერთმანეთისთვის გადაწოდებით ქვებს კედლების მშენებლობამდე მიეღწია, და ასე აშენდა ერთ დღეში ტბეთის წმ. გიორგის ეკლესია.

ამბობდნენ, წმ. გიორგი კარებს არ იყენებსო, რამდენჯერმე შეაბეს კარი და არ დაიყენაო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები