ტემპიეტო
ტემპიეტო (იტალ. Tempietto) – ცალკე მდგარი როტონდა-საყარაულო, აგებული მილანელი არქიტექტორის დონატო ბრამანტეს მიერ 1502 წელს რომის რაიონ ტრასტევერეში (Trastevere), მდინარე ტიბრის დასავლეთ სანაპიროზე, იანუკულოს (Gianicolo) ბორცვზე, როგორც სამონასტრო კომპლექს სან-პიეტრო-ინმონტორიოს (San Pietro in Montorio) ნაწილი. მშენებლობის დამკვეთი იყო ესპანეთის მონარქი ფერდინანდი (ფერნანდო V) და დედოფალი იზაბელა I კასტილიელი. გადმოცემის თანახმად ამ ადგილას უწამებიათ იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული პეტრე.
ნაგებობამ ნამდვილი სენსაცია მოახდინა რომაელებზე – მათ წინაშე პირველად წარსდგა მაღალი აღორძინების ნაწარმოები. მიუხედავად მინიატურული ზომებისა (რომაულ ძველ ტაძრებთან მიმართებით), უნიკალურად შერჩეული პროპორციები ტაძარს წარმოაჩენს ერთდროულად გრაციოზულ და დიდებულ ნაგებობად. ტაძარი დგას სამსაფეხურიან პოდიუმზე და შემოსაზღვრულია 16 ცალი რომაულ-დორიული გრანიტის სვეტით, ზევით კი – ბალუსტრადითა და გუმბათით. ტაძრის სიმაღლეა 11 მ. შიდა დიამეტრი 4,5 მ-ია. გუმბათის რადიუსი მისი სიმაღლის ტოლია. იატაკი მოპირკეთებულია ფერადი მარმარილოთი კოსმატესკოს სტილში.