ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპი
ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპი – საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც დაფიქსირებულია ისეთ საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიცაა გაეროს წესდება, დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, 1970. ამ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის შემდგომი განვითარების ეტაპი გახდა ევროთათბირის დასკვნითი აქტის 1975 მიღება, რომელიც ითვალისწინებს, რომ აქტის წევრი სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და თავს შეიკავებენ ნებისმიერი მოქმედებისაგან, რაც შეუთავსებელია გაეროს წესდების მიზნებთან და პრინციპებთან და მიმართულია ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის. პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ერთიანობის წინააღმდეგ, კერძოდ, ნებისმიერი ისეთი მოქმედებისაგან, რაც დაკავშირებულია ძალისა და ძალისმიერი მუქარის გამოყენებასთან. დასკვნით აქტში ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფოები თავს შეიკავებენ, რათა ერთმანეთის ტერიტორია არ გადააქციოს სამხედრო ოკუპაციის ან ძალის გამოყენების სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ღონისძიებების ობიექტად ან ასეთი ღონისძიებების ან მათი განხორციელების დამუქრების საშუალებით შეძენის ობიექტად. არავითარი ოკუპაცია ან ამგვარი შეძენა კანონიერად არ ჩაითვლება.
ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპი კავშირშია საზღვრების ურღვეობის პრინციპთან, რომელიც ასევე ფორმულირებულია ევროთათბირის დასკვნით აქტში: „წევრი სახელმწიფოები ურღვევად მიიჩნევენ ერთმანეთის საზღვრებს, ისევე როგორც ევროპის ყველა სახელმწიფოს საზღვრებს და ამიტომ ისინი ახლაც და მომავალშიც თავს შეიკავებენ ამ საზღვრების ყოველგვარი ხელყოფისაგან. თუმცა საზღვრების ურღვეობის პრინციპი დასკვნითი აქტის თანახმად ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე, ანუ ევროპის ქვეყნებზე, აშშ-სა და კანადაზე, ხოლო ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპი მოქმედებს ყველა კონტინენტზე, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა სპეციალური შეთანხმება ამ საკითხზე.