ტერმინუსი
ტერმინუსი – (რომ.) წმინდა სამანთა და სამიჯნო ნიშანთა, სვეტთა თუ ქვათა რომაული ღვთაება.
გადმოცემათა თანახმად, ტერმინუსის კულტი და მისი პატივსადები ზეიმი, სახელწოდებით „ტერმინალიები“, ნუმა პომპილიუსს დაუწესებია. რომში, კაპიტოლიუმის ბორცვზე აღმართულ იუპიტერის ტაძარში, ინახებოდა ქვა, რომელიც ტერმინუსს განასახიერებდა. სამიჯნო ნიშნებთან (ოთხწახნაგიანი ქვის პრიზმა, რომელიც ზოგჯერ ადამიანის თავის გამოსახულებით ბოლოვდებოდა) ხშირად იკრიბებოდნენ ახლომდებარე ქალაქთა მკვიდრნი და სამსხვერპლო წესისგების აღსრულების შემდეგ ილხენდნენ. სამიჯნო ნიშანთა წაბილწვა უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა.
ამ ღვთაების სახელიდან მომდინარეობს თანამედროვე მეტყველებაში ესოდენ დამკვიდრებული სიტყვა „ტერმინი“, რომელიც ზუსტად გამოხატავს მეცნიერების, ტექნიკისა თუ ხელოვნების განმსაზღვრულ ცნებას.