ტერ-ღუკასოვი არზას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არზას ტერ-ღუკასოვი

არზას არტემის ძე ტერ-ღუკასოვი − (1819-08.01.1881), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1874).

დაიბადა ტფილისში, მღვდელთმსახურის ოჯახში. სწავლობდა გზათა მიმოსვლის კორპუსის ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1837 წელს. 1837-1839 წლებში იქნა დატოვებული ინსტიტუტში, შემდგომი განათლების გასაღრმავლებლად.

1839-1841 წლებში მსახურობდა სანქტ-პეტერბურგის შემოვლითი რკინიგზის I დირექციაში.

1841-1852 წლებში მსახურობდა კავკასიის მხარის სამხედრო მიმოსვლების დირექციაში.

1852 წელს ჩარიცხულ იქნა ჯარში მაიორად და დაინიშნა აფშერონის 81-ე ქვეითი პოლკის მე-3 ბატალიონის მეთაურად.

მონაწილეობდა (1853-1856) წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში.

1859-1865 წლებში მეთაურობდა აფშერონის 81-ე ქვეით პოლკს, პოლკოვნიკის წოდებით. მონაწილეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიის დაპყრობაში, აულღუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში. 1865 წლის 5 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დაინიშნა მე-19 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ.

ამავდროულად ის ჩაირიცხა აფშერონის 81-ე ქვეითი პოლკის სიებში, რაც ითვლებოდა ძალზე უმაღლეს და საპატიო ჯილდოდ.

1868 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა თერგის ოლქის შუა განყოფილების უფროსად. იყო გროზნოს მთიელთა დაწყებითი სკოლის,ორგანიზატორი და საპატიო მზრუნველი.

1869-1870 წლებში მეთაურობდა 38-ე ქვეით დივიზიას.

1870-1876 წლებში მეთაურობდა კავკასიის II საარმიო კორპუსს.

1876 წელს დაინიშნა რუსული ჯარების ერევნის რაზმის უფროსად. მონაწილეობდა (1877-1878) რუსეთ-თურქეთის ომში. 1877 წლის 18 აპრილს ბრძოლის გარეშე დაიკავა ბაიაზეთის ციხესიმაგრე და გაანთავისუფლა იგი თურქებისაგან. ბაიაზეთის აღების შემდეგ, დატოვა იქ პატარა გარნიზონი და დაიძრა ერზერუმისაკენ, 1877 წლის 28 მაისს დაიკავა ალაშქერთი, ხოლო 9 ივნისს - დაიარი. 18 ოქტომბერს დევე-ბოინუსთან ბრძოლაში თურქებს სასტიკი მარცხი აგემა.

1878 წელს დაინიშნა კავკასიის გრენადერთა დივიზიის უფროსად და ალექსანდროპოლ-ახალქალაქის მაზრებში განლაგებული ჯარების სარდლად.

1879 წელს მას დაუქვემდებარეს იმიერკასპიის მხარის ჯარები, მაგრამ ამ თანამდებობაზე მან უარი თქვა ავადმყოფობის გამო და დაინიშნა კავკასიის II საარმიო კორპუსის მეთაურად.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს იარაღით (მამაცობისათვის -1859), წმ.გიორგის IV (1859 წლის 8 სექტემბერი - აულ ღუნიბის აღებისათვის) და III ხარ. (1878 წლის 22 ივლისი - განსაკუთრებული მამაცობისა და თავგანწირვისათვის, რომელიც გამოიჩინა მან 1877 წლის ივნისში ბაიაზეთის აღებისას და ბაიაზეთის გარნიზონისათვის ბლოკადის მოხსნისა“). და რუსეთის ორდენებით. თეთრი არწივის ორდ. (მახვი ლებით - 1878), წმ. სტანისლავის II (1842) და I ხარ., წმ. ანას III (1874), II (1879), I (მახვილებით - 1870) და I ხარ. (იმპერატ. გვირგვ.) წმ. ვლადიმერის IV (1860), III (მახვილებით - 1862) და II ხარ.(1877) ორდენებით.

მიღებული ჰქონდა უცხოეთის ჯილდოები, მათ შორის პრუსიის ორდენი „დამსახურებისათვის“ (1878), მეკლენბურგ-შვერინის „გრიფის“ II ხარ. (1878) და „სამხედრო დამსახურებისათვის“ II ხარ.

გარდაიცვალა ტფილისში. დაკრძალეს იქვე, 1881 წლის 11 იანვარს, ვანქის სომხური ტაძრის საგვარეულო აკლდამაში (ახლ. ათონელის ქ. 1936 წელს, ტაძრის დემონტაჟთან დაკავშირებით, მისი ცხედარი და საფლავის ქვა გადაასვენეს სურბგევორქის სომხური ეკლესიის ეზოში. მისი საფლავი დაცულია სახელმწიფოს მიერ).

თანამედროვეთა მოგონებებით:

„ტერ-ღუკასოვი თავისი სახსრების დიდ ნაწილს ახმარდა გაჭირვებულ სომეხ ბავშვთა აღზრდას. მას არ უყვარდა ლაპარაკი თავის დამსახურებებზე, და თუ ვინმე მას ამაზე დაუწყებდა ლაპარაკს, ის ამბობდა, რომ როცა მეთაურობ ისეთ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებითაც სავსეა რუსეთის არმია, არ არის რთული დაიმსახურო კარგი მხედართმთავრის სახელი. მას არ ჰქონდა არანაირი კავშირები, რომლებიც შეუქმნიდნენ სამსახურეობრივ კარიერას და, ყოველივე ამ კავშირების უქონლობის გამო, მან მიაღწია დიდ თანამდებობებს, მხოლოდ თავისი პირადი დამსახურებების მადლით. ყურადღებით და მზრუნველობით ექცეოდა ის თავის ხელქვეითებს, იყო მომთხოვნი სამსახურისათვის, მაგრამ უფრო მომთხოვნი იყო თავისი თავისადმი, რადგან ჰქონდა უდიდესი რკინის ნებისყოფა. ის იყო განათლებული ადამიანი, ადამიანი, რომელმაც მოიპოვა ჯარებში სრული პატივისცემა. ის იყო კავკასიური სკოლის გმირთა ტიპიური წარმომადგენელი. მთელი თავისი სამსახური მან გაატარა კავკასიაში და, რადგანაც იყო ადგილობრივი მკვიდრი, ბრწყინვალედ იცოდა ადგილობრივი ზნე- ჩვეულებები.“

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები