ტესლა ნიკოლა
ნიკოლა ტესლა - (სერბ. Ни́кола Те́сла, ინგლ. Nikola Tesla, 1856 - 1943), სერბული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, გამომგონებელი და კონსტრუქტორი ელექტროტექნიკასა და რადიოტექნიკაში.
ნიკოლა ტესლა დაიბადა დალმაციის (ახლანდელი იუგოსლავია) პატარა ქალაქ სმილიანში. 1878 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი გრაცში, შემდეგ კი 1880 წელს – პარიზის უნივერსიტეტი. უკვე სწავლის პერიოდში დიდ ინტერესს ამჟღავნებს ელექტროტექნიკისადმი. მომავალში მისი შრომების უმეტესი ნაწილი დაწერა ელექტროტექნიკაში.
მისი მეცნიერული და კონსტრუქტორული მიღწევების ისტორია ბუდაპეშტში დაიწყო, სადაც იგი სატელეგრაფო კომპანიაში უმუსებო ძრავების ინჟინრად მუშაობდა.
1884 წელს ტესლა გადავიდა აშშ-ი იმ იმედით, რომ მის იდეებს იქ უკეთ მიიღებდნენ, ვიდრე ევროპაში. მაგრამ დასაწყისში იმდენად ვერ შეაფასეს, და მძიმე მატერიალურ პირობებში აღმოჩნდა. იძულებული გახდა საარსებო ფულის შოვნის მიზნით არხების გათხრებზე ემუშავა.
ეს ალბათ ყველაზე მძიმე წელი იყო მის ცხოვრებაში. შემდგომმა წელმა მოუტანა მას პირველი და მას შემდეგ მუდმივი წარმატებები. 1888 წლის 1 მაისს ტესლა იღებს პატენტებს თავის ძრავაზე და ელექტრული ენერგიის გადაცემის მის მიერ დამუშავებულ მეთოდებზე. იმავე წლის 16 მაისს, ე. ი ორი კვირის შემდეგ, ინჟინერ-ელექტრიკოსთა ამერიკულ საზოგადოებაში გამოვიდა მოხსენებით „ცვლადი დენის ახალი სისტემის ძრავები და ტრანსფორმატორები." ამასთან ერთად ჩაატარა მის მიერ შექმნილი ძრავების დემონსტრირება. ერთი თვის შემდეგ ტესლას ნიუ-იორკის პატარა ლაბორატორიაში გამოჩნდა ცნობილი მეწარმე და ცვლადი დენის გამოყენების მხურვალე მომხრე ვესტინჰაუზი. თითქმის ორი მეტრი სიმაღლის ტესლას შთამბეჭდავმა ახოვანმა გარეგნობამ და განსაკუთრებით მის მიერ დემონსტრირებულმა ძრავებმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინეს მნახველზე, რომ მან იმ დროისათვის მსხვილი თანხა – მილიონი დოლარი შეაძლია პატენტის შესყიდვაზე. ტესლამ მეწარმის მიერ შეძლეულ თანხასთან ერთად მოითხოვა დამატებით მისი პატენტით დამზადებული ყოველი ძრავის სიმძლავრის თითოეულ ცხენის ძალაზე თითო დოლარი. ეს პირობა მიღებულ იქნა – და უფრო მეტიც – გამომგონებელი მიწვეულ იქნა ერთი წლით მრჩევლად დამატებით მაღალ ხელფასზე. ამრიგად ტესლა განთავისუფლდა სამუდამოდ მატერიალური ზრუნვისაგან.
კონსულტანტის როლში ტესლამ ბევრი საზრუნავი გაუჩინა მეწარმეს. იგი ზრუნავდა ძირითადზე, ე. ი. საკითხის ფიზიკურ მხარეზე, ბევრ ყურადღებას არ უთმობდა კონსტრუქციულ სამუშაოს, რომლისგანაც დამოკიდებული იყო საბოლოოდ მთელი საწარმოს მიღწევები. მისი ნახატები გაუგებარი იყო თანამშრომლებისათვის, რადგან ის ტექნიკურ ნახაზებს არ აკეთებდა. ტესლას ისე განვითარებული ჰქონდა წარმოდგენის უნარი, რომ ხედავდა მოწყობილობის ყველა დეტალს და მის ზუსტ ზომებს. „ნახატის გარეშეც კი შემიძლია მივცე მუშებს ყველა ნაწილის ზომები და ააწყონ ისე, რომ ყველა ეს ნაწილი ერთმანეთს მოერგოს. ჩემთვის არსებითი არ არის ჩემს მანქანას ჩემს გონებაში ვამოწმებ, თუ ჩემს სახელოსნოში.“
ტესლას ყველაზე დიდი მიღწევა და ცვლადი დენის გადაცემისა და მისი გამოყენების სამუშაოების შემაჯამებელი საქმე იყო ნიაგარის ჰიდროელექტროსადგურის აშენება. ეს პროექტი, რომლის განხორციელების შესაძლებლობა არ სჯეროდათ თვით ლორდ კელვინსა და ედისონს, ბოლომდე იქნა მიყვანილი 1895 წელს.
ტესლა არ შემოისაზღვრა ზემოთ ნახსენები ნაშრომებით, მისი ახალი ჩანაფიქრები იმდროინდელი ცოდნის საზღვრებს ბევრად სცილდებოდნენ და ვერ პოულობდნენ პრაქტიკულ განხორციელებას. მისმა იდეებმა სიგნალებისა და ენერგიების შორ მანძილზე უმავთულოდ გადაცემის შესახებ მაღალი სიხშირის დენების დახმარებით მხოლოდ ჩვენს დროში მიიღო პრაქტიკული განხორციელება.
ტესლას ჩანაწერებში და უბის წიგნაკებში ინჟინრები ახლაც კი ეძებენ ჩანაფიქრებს და შთაგონებებს ახალი გამოგონებებისათვის. მატერიალურად დამოუკიდებელი, საყოველთაო პატივისცემით მოსილი ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, დაფასებით მიღებული ტესლა განმარტოებით ცხოვრობდა. მთელი თავისი ცხოვრება მუშაობას მიუძღვნა. ამისათვის უარი თქვა მეგობრობასა და სიყვარულზეც.
გარდაიცვალა 1943 წლის 7 იანვარს ნიუ-იორკში.