ტექნიკური აღწერილობა
ტექნიკური აღწერილობა – დოკუმენტი, რომელიც მუშავდება ტექნიკური პირობების ან საერთო ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტის დანართის სახით. მასში შედის: ნაკეთობის დანიშნულება, გამოყენების არეალი, სასაქონლო ხარისხი, მოპირკეთების სახეები და კატეგორიები. იგი ვრცელდება ნაკეთობის ერთ ან მთელ ჯგუფზე სერიული ან მასობრივი წარმოებისათვის. ეს დოკუმენტი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია რაიმე პროდუქციის წარმოებასა და მისი ხარისხის შეფასებისათვის სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან ერთად. როგორც წესი, ტექნიკურ აღწერილობაში შედის შემდეგი ინფორმაცია: პროდუქციის სრული დასახელება, აღწერა, მისი ძირითადი მახასიათებლების ჩამონათვალი, დოკუმენტის გამოყენების არეალი, კონსტრუქციის ან გარკვეული მოდელისათვის წაყენებული ძირითადი მოთხოვნები, საწყისი ნედლეულის, მასალის, მაკომპლექტებელი დეტალების, მოწყობილობების ჩამონათვალი, უსაფრთხოების პირობები, ინფორმაცია მზა პროდუქციის შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, შეფუთვაზე და სხვა. საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტს თან ახლავს მზა პროდუქციის ესკიზი ან ფოტოსურათი.