ტილი ფრანსუა-ლუი
ტილი ფრანსუა-ლუი - (ფრ. Tilly François-Louis) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფრანგი დრამატურგი, რომლის დებიუტიც 80-იან წლებში შედგა.
იგი დაიბადა 1946 წელს. შემოქმედება დაიწყო, როგორც მსახიობმა და სცენარისტმა. დაწერილი აქვს მრავალი პიესა, რომლებიც მაყურებელმა და კრიტიკამ დიდი ინტერესით მიიღო. მან მოხერხებულად გამოიყენა ყოველდღიური თეატრის მხატვრული აღმოჩენები, რომლებიც თითქოსდა უკვე მოდიდან გადადიოდა, გაამდიდრა რა მისი პოეტიკა. სასტიკ მოვლენებთან მიუკერძოებელი სტილის შენარჩუნებით ტილიმ მკვეთრად გამოსახა მოქმედების განვითარების შინაგანი ხაზი, ქვეტექსტები; პერსონაჟთა ყველა მოქმედებას ზუსტი ფსიქოლოგიური მოტივაცია გაუკეთა (თუნდაც პარადოქსული). კვანძის გახსნა პიესაში ლოგიკურია, მიუხედავად წინასწარ განუსაზღვრელობისა. დრამატურგი ყურადღებას აქცევს ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემებს, გვიხატავს ჩვეულებრივ ობივატელთა ცხოველურ სისასტიკეს, „ოქროს ახალგაზრდობის“ ცინიკურ ფსევდო-რევოლუციონერობას და „მემარცხენე“ ინტელიგენციის უსულო ეგოიზმს.
ერთაქტიან პიესაში „ძეხვები“ (1980 წლის პრემია საუკეთესო პიესისათვის) მოქმედება მიმდინარეობს ერთი დღის განმავლობაში სამზარეულოში (მკაცრად იცავს კლასიკური სამერთიანობის პრინციპს). მშობლები, ტრადიციული ყასბები, უკმაყოფილონი არიან თავიანთი ვაჟით. არმიიდან დაბრუნებული ვაჟი თავაწყვეტით ატარებს დროს. მის ლოთობასა და დებოშში ისინი ღია პროტესტს გრძნობენ: ვაჟს არ უნდა მათ ჰგავდეს, იყოს ისეთი, როგორიც ყველა. სკანდალი, რომელიც ტელევიზორის აკომპანიმენტით ვითარდება, ტელევიზორისა, რომელიც განუწყვეტლივ გადმოსცემს ცნობებს ძარცვაზე, მკვლელობებზე, არასრულწლოვანთა გარყვნაზე, სულ უფრო ძლიერდება. გამთენიისას მამა რევოლვერით კლავს თავის მთვრალ ვაჟს ისევე წყნარად, როგორადაც საქონელს დაკლავდა.
პიესა „სპაგეტი ბოლონიურად“ (1982) ზუსტად იმდენივე ხანს გრძელდება, რამდენიც მასში ასახულ მოვლენებს სჭირდება - საათნახევარი. არისტოკრატიული ოჯახი მიღებას აწყობს „მაღალი საზოგადოების“ თავაზიანი, უაზრო საუბრებით იმ დროს, როდესაც პარიზის ერთ-ერთ ბაზრობაზე ამ ოჯახის შვილის ხელშეწყობით ტერორისტები აფეთქებას აწყობენ, რომლის დროსაც 80 ადამიანი იღუპება. კრიტიკამ ეს პიესა პირველზე უფრო სუსტად ჩათვალა.
პიესა „მელიები“ (1985) თეატრალური კრიტიკოსების სინდიკატის მიერ აღიარებულ იქნა სეზონის საუკეთესო ნაწარმოებად. მოქმედება აქაც საათნახევარი გრძელდება - ცხრისნახევრიდან ათ საათამდე. ორმოცი წლის ქალი ხვდება თავხედ და უდარდელ ყოფილ თანაკლასელს, რომელიც პოპულარული მსახიობი გამხდარა. შეხვედრა კარხით მთავრდება - ძნელი ასატანია მდიდარი ინტელექტუალური ქალის ზიზღი. ცნობილმა კრიტიკოსმა მიშელ კურნომ სპექტაკლს უწოდა არა მარტო თეატრალური სეზონის, არამედ მთელი საფრანგეთის საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენაც. ავტორი გვიჩვენებს, რომ განათლებული, პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ გულკეთილნი, ტაქტიანნი და სინდისიერნი, საკუთარ თავს „მემარცხენეებს“ მიაკუთვნებენ და ამიტომაც კარგებად ითვლებიან, - შეიძლება აღმოჩნდნენ პოლიტიკურად „განუვითარებელნი“. ტილიმ საზოგადოებას სწორი დიაგნოზი დაუსვა - სოციალური გაუცხოება!