ტირე
ტირე (–) – (< ფრანგ. tiret < tirer „გაწევა“), სასვენი ნიშანი. ჰორიზონტალური სწორი ხაზი, რომელიც დეფისს წააგავს, ოღონდ სიგრძით მას ორჯერ აღემატება. ტირეს ძირითადი ფუნქციებია:
1. გააფორმოს დიალოგური მეტყველება, კერძოდ, გამოყოს მოსაუბრეთა ნათქვამი ერთმანეთისა თუ ავტორისეული სიტყვებისაგან. მაგ.
„– ტარხუნა ხომ არის? – გახლავს.
– კიტრი? – კიტრიც გახლავს“ (ი. ჭავჭავაძე).
„– არა, – წარმოთქვა მან, – წავიდე, გავშორდე აქაურობას. მე ვუთხარი: – რატომ თავიდამ არ მაწყებინებ?“ (ვაჟა-ფშაველა).
2. ამ ფუნქციით XIX ს-ის მწერლობაში ტირეს არცთუ იშვიათად ენაცვლება ბრჭყალები. მაგ., „რაში უნდა მოიხმარონ ან კი საჩუქრები?“ წარმოთქვა მამა იროდიონმა“ (ვაჟა-ფშაველა).
3. ტირე იხმარება შერწყმულ წინადადებაში ამა თუ იმ გამოტოვებული წევრის საკომპენსაციოდ. მაგ., „ცალ ხელში წიგნი მიჭირავს, მეორეში – ყვავილები“ (გამოტოვებულია თანდებულიანი სახელი „ხელში“ და „ზმნა „მიჭირავს“!); „ხან მიწისა ვარ, ხან – ცისა“ (ა. წერეთელი) – გამოტოვებულია „ვარ“ ზმნა).
4. ზოგჯერ ტირეს საშუალებით გამოიყოფა ჩართული სიტყვები, დანართი და განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები. მაგ., „ – ამაღამ, – დიდი საქმეა, – თუ გაატანა“ (ი. ჭავჭავაძე).
5. ტირე ხშირად იხმარება რისამე ჩამოთვლისას – განმაზოგადებელი სიტყვისა და მასში შემავალი ჩამოსათვლელი საგნებისა თუ მოვლენების აღმნიშვნელ სიტყვებს შორის. მაგ., „ერთს ადგილში ხუთი ირემი მოეკლა – სამი ხარი, ორი კურო, ერთიღა გაჰქცეოდა“ (ვაჟა-ფშაველა). ტირე იხმარება აგრეთვე განმაზოგადებელი და ჩამოსათვლელი საგნების აღმნიშვნელი სიტყვების უკუმიმდევრობის დროსაც. მაგ. „…პატივცემული ღიპი, კოტიტა… ხელები, დამორილი მსხვილი ფეხები – ესე ყოველი ერთად და თითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ციო მონაბერის სულის“ ღირსეული სამკაული“ (ი. ჭავჭავაძე).
შ. აფრიდონიძე