ტიურკარე (ლესაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ტიურკარე“ − ფრანგი დრამატურგის ალენ რენე ლესაჟის კომედია, (1709).

„ტიურკარეში“, მთავარი პერსონაჟის სახით დაუნდობელი საქმოსნის განზოგადებული სოციალური ტიპია ნაჩვენები. გაურკვეველი გზებით გამდიდრებული ყოფილი მსახური, ტიურკარე, მოიჯარე შემსყიდველია, რომელიც გაკოტრებული, გაუბედურებული ადამიანების ქონების მიტაცებით არის დაკავებული. ტიურკარე უხეში, ურცხვი, უკულტურო არამზადა ადამიანია. სიმდიდრე თავდაჯერებულობას მატებს და ყველაფრის უფლებას აძლევს. სავარაუდოდ, ქონების დასაგროვებლად, ის ყველაფერს კადრულობდა – ქურდობასაც კი. ამაზე მეტყველებს სცენა, სადაც ტიურკარე ყოფილი ბატონის ნაქონ ძვირფას ბეჭედს ჩუქნის თავის საყვარელ არისტოკრატ ქალბატონს, რომელიც მის ხარჯზე ცხოვრობს. ტიურკარეს გარშემო ყველა თვალთმაქცი და თაღლითია. ის სათანადოდ ვერ აფასებს გარემოს და ამის გამო საბოლოოდ კოტრდება. ტიურკარეს ყველა ატყუებს, მათ შორის მაღალი წრის წარმომადგენელი საყვარელი ქალბატონი, რომელსაც მხოლოდ მისი ქონება სჭირდება. ტიურკარესგან მირთმეულ საჩუქრებს და ფულს თავის საყვარელ მამაკაცს აძლევს, რომელიც, თავის მხრივ, მატყუარა და ალფონსია.

პიესაში ასევე აღსანიშნავია მსახურთა სახეები, რომლებიც ინტრიგებს ხლართავენ და ყოველმხრივ ცდილობენ ქონების დაგროვებას. ტიურკარე განზოგადებული უარყოფითი ტიპია. ლესაჟმა დახატა გარემო, სადაც საზოგადოების ყველა ფენაში ტიურკარიზმი არის გამეფებული, ყველა ერთმანეთს ატყუებს და ძარცავს, ფული და ძალაუფლება აქ მთავარია. პიესაში ერთ-ერთი მსახური ამბობს: „აი, ეს არის ცხოვრება! ჩვენ ვძარცვავთ კეკლუცს, კეკლუცი ცინცლავს – შემსყიდველს, ხოლო შემსყიდველი ძარცვავს ყველას, ვისაც მოიხელთებს. თაღლითობა ალენ რენე ლესაჟი წრეზე ტრიალებს – აი, ეს არის ორომტრიალი“.

„ტიურკარეში“, დრამატურგიული ტექნიკის თვალსაზრისით, შერწყმულია მოლიერისეული ზნე-ჩვეულებათა კომედიისა და ხასიათების კომედიისთვის დამახასიათებელი თვისებები. „ტიურკარეს“ დადგმა იკრძალებოდა და ლესაჟი საოჯახო სალონებში კითხულობდა პიესას. ნაწარმოები პოპულარული გახდა და მოგვიანებით, როცა დადგმის უფლება მისცეს, მოიჯარე შემსყიდველებმა ლესაჟს დიდი თანხა შესთავაზეს, რათა პიესა არ დაედგა. ლესაჟი არ დათანხმდა და 1709 წელს ფრანგული კომედიის თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა „ტიურკარე“.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები