ტლატელოლკოს დეკლარაცია 1974

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტლატელოლკოს დეკლარაცია 1974 – მიღებულ იქნა 23.II ე.წ. ტლატელოლკოს კონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პ. კისინჯერის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის XXVIII სესიაზე (1973) წამოყენებული ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის „ახალი დიალოგის“ წინადადების საფუძველზე მოწყობილ პირველ შეხვედრაზე.

კონფერენცია მიმდინარეობდა 21-23.II მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ქ. მეხიკოში, ტლატელოლკოს რაიონში. კონფერენციაში, რომელიც არ იყო ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ჩარჩოებში მოწვეული, მონაწილეობდა ჰ. კისინჯერი და ლათინური ამერიკის 24 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ 1973 14-16.XI ბოგოტაში მოწვეულ თათბირზე შემუშავებული ერთობლივი პოზიციით გამოდიოდნენ, მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს აშშ-ის პოლიტიკა ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ. მართალია, კონფერენციაზე არ იყო კუბის საკითხი დასმული, მაგრამ მას მაინც დიდი დრო დაეთმო. ლათინური ამერიკის ქვეყნებმა მოითხოვეს აშშ-ის მიერ კუბის ეკონომიკური ბლოკადის გაუქმება და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ლათინური ამერიკის ქვეყნებმა აგრეთვე მოითხოვეს ამერიკული ქვეყნების ორგანიზაციის რადიკალური გარდაქმნა. განსაკუთრებით მკაცრად იქნა კონფერენციაზე გაკრიტიკებული აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა ლათინურ ამერიკაში. დისკუსიებმა აშშ-ის საწინააღმდეგო სათანადო ასახვა პოვა კიდეც კონფერენციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

დეკლარაციაში ხაზგასმით, იყო აღნიშნული, რომ ამერიკის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები დაფუძნებული უნდა იყოს სრულ თანასწორუფლებიანობაზე და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპზე, ძალის გამოუყენებლობაზე, თითოეული სახელმწიფოს უფლების პატივისცემაზე, რომ მან თვითონ, დამოუკიდებლად აირჩიოს საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სისტემა. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა ამერიკათაშორის ურთიერთობების გარდაქმნის მიზნით და ჩამოყალიბებული იყო ამ გარდაქმნის პოლიტიკური პრინციპები. დეკლარაციის თანახმად, რეგიონული უშიშროების კონცეფცია „არ შეიძლება იყოს დაფუძნებული მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ კრიტერიუმებზე და უნდა შეიცავდეს აგრეთვე მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის პრინციპების ეფექტურად განხორციელებასაც“, ასევე „კოლექტიური ეკონომიკური უშიშროების სისტემის“ პრინციპებსაც. დეკლარაცია ადასტურებდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში „ბოგოტის დეკლარაციის“ დებულებებს და მოითხოვდა სესხების მიცემას ქვეყნებისათვის ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. მთლიანობაში დეკლარაცია ხელს უწყობდა ლათინური ამერიკის ქვეყნების გაერთიანებას თავისი სუვერენიტეტისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის საერთო პროგრამის ირგვლივ. „ახალი დიალოგის“ ფარგლებში მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გაიმართა 17-18 IV.1974 ვაშინგტონში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები