ტოლერანტობა (სამედიცინო ტერმინი)
ტოლერანტობა - (tolerance), ფსიქოაქტიური ნივთიერების ხანგრძლივი მიღებით გამოწვეული რეაქციის დაქვეითება აღნიშნული ნივთიერების გარკვეულ დოზაზე. ამის გამო საჭირო ხდება ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების დოზის გადიდება, რათა მიღებულ იქნას ისეთივე ეფექტი, როგორც საწყისი დოზის შემთხვევაში. როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ფაქტორები ხელს უწყობს ტოლერანტობის განვითარებას, რომელიც შესაძლებელია იყოს ფიზიკური, ქცევითი ან ფსიქოლოგიური.
ფიზიკურმა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს მეტაბოლური და/ან ფუნქციური ტოლერანტობა. მეტაბოლიზმის მომატებული დონე ხელს უწყობს ორგანიზმს სწრაფად გადაამუშაოს მოცემული ნივთიერება.
ფუნქციური ტოლერანტობა განპირობებულია მოცემული ნივთიერების მიმართ ცენტრალური ნერვული სისტემის მგრძნობელობის დაქვეითებით.
ქცევითი ტოლერანტობა – ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერების ეფექტის შეცვლა იმით, რომ ინდივიდს შესწავლილი აქვს, ან შეუძლია გარკვეულად შეცვალოს, მასზე გარემო ფაქტორების ზემოქმედება.
მწვავე ტოლერანტობა – ერთჯერადი დოზის მიღებისას ნივთიერების მოქმედებაზე სწრაფი, დროებითი აკომოდაცია, გაუკუღმართებული ტოლერანტობა. ცნობილია, აგრეთვე, როგორც სენსიბილიზაცია და მიეკუთვნება იმ შემთხვევებს, როცა რეაქცია ნივთიერებაზე ძლიერდება მისი განმეორებითი მიღებისას.
ტოლერანტობა დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს.