ტოლმენი ედვარდ ჩეიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოლმენი ედვარდ ჩეიზ

ტოლმენი ედვარდ ჩეიზ - Tolman Edward Chase, Толмен Эдвард Чейз, 1886-1959

ამერიკელი ფსიქოლოგი, ნეობიჰევიორიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. უმაღლესი განათლება თავდაპირველად ფიზიკა-მათემატიკის დარგში მიიღო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ფსიქოლოგიას სწავლობდა ჰარვარდში, სადაც მიენიჭა დოქტორის წოდება ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. მანამდე ფსიქოლოგიას ერთხანს ეუფლებოდა გერმანიაში კ. კოფკას ხელმძღვანელობით. 1918 წლიდან ბერკლის (კალიფორნიის) უნივერსიტეტში შექმნა მეცნიერული სკოლა. ტოლმენი იყო ამერიკის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ფსიქოლოგი, ეკავა ხელმძღვანელი პოსტები აშშ-ს სამეცნიერო საზოგადოებებში, იყო ნაციონალური აკადემიის წევრი.

ტოლმენს ეკუთვნის ცნება შუალედური ცვლადები, რითაც ხასიათდება ნეობიჰევიორიზმი. ტოლმენის სისტემას რამდენიმე სახელწოდება აქვს:

  • „ოპერაციონალური ბიჰევიორიზმი”, რამდენადაც ტოლმენი ოპერაციონალიზმის მეთოდოლოგიის ერთერთი აქტიური გამტარებელი იყო.
  • „მოლარული ბიჰევიორიზმი”, ვინაიდან ტოლმენი ქცევას განიხილავდა, ვითარც მთლიანობას, რომელიც არ დაიყვანება „მოლეკულური” S-R ერთეულების ჯამზე (აქ გამოჩნდა გეშტალტფსიქოლოგიის გავლენა).
  • „მიზნობრივი ბიჰევიორიზმი” - ასე ერქვა ტოლმენის ძირითად წიგნს (1932); ვინაიდან ქცევა ყოველთვის მიზანმიმართულია.
  • „კოგნიტივისტური ბიჰევიორიზმი” - ეს სახელწოდება, შესაძლოა, ყველაზე მეტად გამოხატავს ტოლმენის სისტემის თავისებურებას. ეს ყველაზე მეტად იჩენს თავს დასწავლის მექანიზმების დახასიათებისას.

დასწავლის არსი მდგომარეობს არა S-R (სტიმული-რეაქცია) კავშირების შექმნაში, როგორც ეს კლასიკურ ბიჰევიორიზმშია, არამედ გარკვეული პერცეპციულ-კოგნიციური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში, რომლებიც შუალედური ცვლადებია. ამრიგად, დასწავლის შედეგად ცხოველი იძენს ცოდნას, რომელიც მოცემულია მოლოდინების სახით. ასეთი კოგნიციური სტრუქტურები ერთიანდება რთულ სისტემაში, რომელსაც კოგნიციური რუკა ეწოდება. დასწავლისთვის საკმარისია მოლოდინის გამართლება. დასწავლას ადგილი აქვს მაშინაც, როცა განმტკიცება (მოთხოვნილების დაკმაყოფილება) არ ხდება, მაგ. ე.წ. ლატენტური დასწავლის ცდებში {არაპირდაპირი დასწავლა}, რომლებშიც ცხოველი ყოველგვარი ხელოვნური განმტკიცების გარეშე სწავლობს ლაბირინთიდან გამოსვლას (თუმცა თავისთავად ლაბირინთიდან თავდაღწევა ცხოველისთვის სასიამოვნოა ანუ დადებითი განმამტკიცებელია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები