ტოლსტოი პეტრე ანდრიას ძე
პეტრე ანდრიას ძე ტოლსტოი – (რუს. Пётр Андре́евич Толсто́й, 1645-1729), გრაფი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.
1701 დაინიშნა რუსეთის პირველ მუდმივ წარმომადგენლად თურქეთში. დიდ გავლენას ახდენდა პორტას პოლიტიკაზე, 10 წლის მანძილზე არ დაუშვა რა რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო შეტაკება.
1703, მისი მოთხოვნით, თანამდებობიდან გადააყენეს და დასაჯეს თურქეთის დიდი ვეზირი, რომელიც რუსეთთან ომს მოითხოვდა. როცა პოლტავასთან მარცხის შემდეგ შვედეთის მეფე კარლოს XII-მ თავი თურქეთის ტერიტორიას შეაფარა, ტოლსტოი აწარმოებდა მოლაპარაკებას თურქეთთან მისი და მაზეპას რუსეთისათვის გადაცემის თაობაზე.
1710 რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქებმა იგი დაამწყვდიეს საპყრობილეში, ხოლო პრუტის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ 1711 იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში როგორც მძევალი.
1714 დაბრუნდა რუსეთში.
1716-17 თან ახლდა პეტრე I-ს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომელსაც მოჰყვა ამსტერდამის ხელშეკრულების დადება 1717.
1717 ა. ი. რუმიანცევთან ერთად წარმატებით დაამთავრა მოლაპარაკება ავსტრიის მთავრობასთან გაქცეული ტახტის მემკვიდრის ალექსის რუსეთისათვის დაბრუნების თაობაზე.
1718-21 – კომერც-კოლეგიის პრეზიდენტი და იმავდროულად 1718-26 – საიდუმლო კანცელარიის პირველი მინისტრი და საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრი.
1725 ხელს უწყობდა ეკატერინე I-ს ტახტის დაკავებაში.
1726 წლის თებერვლიდან – უმაღლესი საიდუმლო საბჭოს წევრი.
1727 წლის აპრილში ა.დ. მენშიკოვთან კონფლიქტის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს.