ტონია მანანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანანა ტონია

ტონია მანანა – (1957), მწერალი, პოეტი, პედაგოგი. დაიბადა სამტრედიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში (ფორტეპიანოს კლასი), შემდეგ დაამთავრა მაიკოპის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალიზაციით). წლების მანძილზე მუშაობდა სამტრედიის პირველ საშუალო და მეორე სამუსიკო სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის და ფორტეპიანოს კლასის მასწავლებლად. გარკვეული, ხანგრძლივი დროით, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც პედაგოგიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა ათი საბავშვო კრებული „სოფოს ბებო-ს“ სერიით, ორი კრებული – „თედოს ნაამბობი“, ორი პოეტური კრებული: „სიყვარულის აპოგეა“ და „სიყვარულის ვირუსი“. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც. ავტორია 600-ზე მეტი სონეტის.

ოღონდ გიყვარდე...
დღე არის მკრთალი, სავსე ფიფქებით
და ანათალი თოვლის გუნდიდან,
მე? _ მე კი მთვრალი, დაღლილ ფიქრებით,
ამოვარდნილი შენი ბუდიდან.
დეკემბრის ქარი, ვით მინანქარი,
ტანზე მეხვევა ხავსად და სუროდ,
ვნების ამქარი, ვეღარ დამცხრალი,
ცდილობს, ზამთარი საბნად დამხუროს.
სავსეა ფიფქით ცა და მარხილი
და ეს სითეთრე სულსაც ედება.
ვერ მივაჩვიე ჩემი ძახილი,
შენს თვალთა ჩემკენ გამოხედებას!....
მელის სამსჯავრო, აღარ გაჯავრო
სიმღერის ნდომა თეთრი გედების,
ოოო, ჩემო კვდომავ და ჩემო ჯავრო,
გალღვა ამ თოვლში ჩვენი ედემი....
ნუთუ არ კმარა, ბევრი ვიდარდე,
ჭრილობა ჩახსნა ყინვამ მკერდამდე,
წამოვალ ჩქარა, ოღონდ გიყვარდე,
ჯოჯოხეთიდან თუნდაც მეძახდე!!!...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები