ტრამპლინიდან ხტომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინსბრუკის ოლიმპიურ თამაშებზე ტრამპლინიდან მხტომლთა შეჯიბრებას თვალს ადევნებდა 80 ათასამდე მაყურებელი

ტრამპლინიდან ხტომა — ტრამპლინიდან ხტომა. ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობა, თხილამურებით ხტომა დახრილი ბაქნიდან, ფრენა და დაშვება. ჩრდილოური ორჭიდის ერთ-ერთი დისციპლინა.

სარჩევი

ისტორია

პირველი შეჯიბრებები მოეწყო XIX საუკუნის შუა წლებში ნორვეგიაში, ტელემარკის პროვინციის მთიანეთში. იქვეა რეგისტრირებული პირველი შედეგიც – 19 მ (1868 წელს). პირველი მხტომელები იყვნენ სამთო მოთხილამურეები, რომლებიც მთიდან დაშვებისას ბუნებრივი ბორცვებიდან ხტებოდნენ (მოგვიანებით, ბორცვები ხელოვნურმა მიწაყრილებმა შეცვალა). სპორტის დამოუკიდებელ სახეობად ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში, როცა ჯერ ნორვეგიაში, შემდგომ კი ევროპის სხვა ქვეყნებშიც, დაიწყეს ხისა და ლითონკონსტრუქციების ტრამპლინების აგება და ოფიციალური ტურნირების გამართვა.

ტრამპლინიდან ხტომა შედიოდა პოპულარული საერთაშორისო შეჯიბრების – ჩრდილოური თამაშების პროგრამაში, 1924 წლიდან კი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი გახდა. იმ პერიოდის ტურნირებში ბადალი არ ჰყავდათ ნორვეგიელებს, რომლებიც განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩეოდნენ. სათხილამურო ინვენტარის ევოლუციამ, მწვრთნელთა და მეცნიერთა მრავალწლიანმა კვლევა-ძიებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ხტომის სტილი, რომელიც გაცილებით ეკონომიური, აეროდინამიკური და ეფექტური გახდა.

ოთხგზის ოლიმპიელი, სახელოვანი ბაკურიანელი ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე]

1945 წელს შემოიღეს ახალი წესები – სპორტსმენის შეფასებისას, ნახტომის სიგრძესთან ერთად ითვალისწინებენ ხტომის სტილს, კოორდინაციის უნარს, ფრენისა და დაშვების ტექნიკას. ადრინდელი შეჯიბრებები 50 და 70-მეტრიან ტრამპლინებზე იმართებოდა, შემდეგ – 90 და120-მეტრიანზე. ოფიციალურ ტურნირებში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ, 2014 წლიდან კი ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შეჯიბრებაც იმართება. ტრამპლინიდან ხტომა ზამთრის ყველა ოლიმპიადის პროგრამაში იყო. შამონიში, I თამაშებში (1924) ჩემპიონობა მოიპოვა ნორვეგიელმა იაკობ ტულინ ტამსმა (ასპარეზობაში მონაწილეობდა 9 ქვეყნის 27 სპორტსმენი). ქალთა შორის კი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა გერმანელი კარინა ფოგტი (2014).

ტრამპლინიდან ხტომა საქართველოში

საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია იწყება 1935 წლიდან, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მაშინ ყველას აჯობა იმ დროისთვის უკვე ცნობილმა ალპინისტმა და სამთო-სათხილამურო საქმის ორგანიზატორმა ალექსანდრე (სანდრო) გვალიამ. მოგვიანებით, ბაკურიანს შეემატა 45, 70 და 90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები, რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ კობა წაქაძეს – სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონს, ათამდე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეს. წაქაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში გამოდიოდა დიდ ასპარეზზე, გამოირჩეოდა სტაბილური შედეგებით და ხტომის დახვეწილი მანერით. 1960-იან წლებში არაერთ საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა ასევე ბაკურიანელმა მხტომელმა მიხეილ გავამ (მისი საუკეთესო შედეგია სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადის ჩემპიონობა). დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა კახა წაქაძე (კობა წაქაძის ვაჟი).

წესები

პიონჩანგის ოლიმპიური ტრამპლინი. 2018 წელი

ტრამპლინის ნომინალური სიმძლავრე განისაზღვრება ნახტომის სავარაუდო ოპტიმალური სიგრძით. იგულისხმება მანძილი ასახტომი ბაქნის კიდიდან მიწაზე დაშვების წერტილამდე. ეს დისტანცია სასინჯი ხტომების დროს დგინდება. დაშვების ბილიკზე ეს ადგილი აღნიშნულია თოვლზე გავლებული ცისფერი ზოლით და „ნორმის“ წერტილი ეწოდება. წითელი ფერის ზოლით არის აღნიშნული „კრიტიკული“ წერტილი – ადგილი, სადაც ჯერ კიდევ უსაფრთხოა მიწაზე დაშვება. ეს არის იდეალური, თეორიულად მაქსიმალურად შესაძლებელი ნახტომის დაშვების წერტილი (120-მეტრიან ტრამპლინზე დისტანცია ჰაერში აფრენის წერტილიდან „კრიტიკულ“ წერტილამდე შეიძლება იყოს დაახლოებით 180 მ). ტრამპლინიდან ხტომისთვის განკუთვნილი თხილამურები ყველა სხვა სპორტულ თხილამურზე გრძელი და ფართოა – მაქსიმალური სიგრძე სპორტსმენის სიმაღლეს შეიძლება სჭარბობდეს არაუმეტეს 80 სმ-ით, მაქსიმალური წონა – 7,27 კგ.

სპორტსმენს აცვია სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული, აეროდინამიკური კომბინეზონი, ხელთათმანები, ახურავს ჩაფხუტი, უკეთია დამცავი სათვალე და ნომერი. თითოეული სპორტსმენი ორჯერ ხტება. პირველი ცდისას მონაწილეთა რიგითობა კენჭისყრით განისაზღვრება. მეორე ცდაზე პირველები ხტებიან ის სპორტსმენები, რომლებმაც უარესი შედეგი აჩვენეს. სასტარტო ბაქნიდან დაშვებისას მხტომელს ფეხები მუხლებში ჩახრილი აქვს, თავი – მაღლა აწეული, იდაყვებში ოდნავ მოხრილი ხელები თავისუფლად უჭირავს, ტანის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად არის განაწილებული. ასახტომ ბაქანს რომ მიუახლოვდება მოთხილამურე, მძლავრი არეკნით ტრამპლინს მოსწყდება და ჰაერში მიფრინავს. ფრენის დროს, მიწაზე დაშვებამდე სპორტსმენს თხილამურები ჰორიზონტალურად და ერთმანეთის პარალელურად უჭირავს, სხეული – სწორად, გაჭიმული, ხელების მოძრაობა მკაცრად კონტროლდება. მიწაზე დახტომისას ცალი ფეხი ოდნავ წინ წაწეულია, სხეულიც წინ არის წახრილი, ხელები კი, წონასწორობის შესანარჩუნებლად, განზეა გაშლილი.

ნახტომი ფასდება ორი პარამეტრის – სტილისა და სიგრძის მიხედვით. ყურადღება ექცევა ნახტომის სიზუსტეს, სხეულის ფლობის უნარს, სპორტსმენისა და თხილამურების პოზიციას ჰაერში და მიწაზე დაშვების მომენტში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები