ტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტურა

ტურა - სახელწოდებები: Golden ან Asiatic jackal (ინგლისურად); Le Chacal commun (ფრანგულად); Goldschakal (გერმანულად); Bweha wa mbuga, Bweha Dhahabu (სუაჰილზე, აფრიკა).

ოჯახი: Canidae (Gray, 1821)
გვარი: Canis (Linnaeus, 1758)
სახეობა: Canis aureus (Linnaeus, 1758)
ქვესახეობა: Canis aureus moreoticus (Geoffroy, 1835)

საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა Canis aureus moreoticus Geoffroy, 1835. სახეობა აღწერილია ლარისტანიდან - სამხრეთ ირანი.

სხეულის სხვადასხვა ნაწილების სიდიდითა და ფორმით ტურას მგელსა და მელას შორის შუალედური პოზიცია უჭირავს. სხეულის სიგრძე საშუალოდ 71-82 სმ-ია. წონა მერყეობს 7-15 კგ-მდე. სქესობრივი დიმორფიზმის მიხედვით სხეულის წონა განსხვავდება - მამრები დაახლოებით 15- 25%-ით უფრო მძიმენი არიან მდედრებზე.

შეფერილობა ცვალებადობს არა მარტო გეოგრაფიული გავრცელებისა და ბიოტოპების (შედარებით ღია ფერისაა ქვიშიან ნახევრადუდაბნოებში, უფრო მუქია არეალი დანარჩენ ნაწილებში), არამედ სეზონების მიხედვითაც. ზაფხულში წითური ელფერი უფრო მკვეთრადაა გამოხატული, მოშავო კი გაცილებით შესუსტებულია.

ტურის ქრომოსომების დიპლოიდური რიცხვი სხვა ძაღლისნაირების მსგავსად 78-ს შეადგენს. არის მონაცემები, რომ ძაღლი ეჯვარება ტურას და იძლევა ნაყოფიერ შთამომავლობას. ტყვეობის პირობებში ტურა შეჯვარეულ იქნა კოიოტთანაც.

ტურა ბუნებაში ცოცხლობს საშუალოდ 8-9, ტყვეობაში - მაქსიმუმ 16 წელს. მისი საარსებო გარემო ძლიერ განსხვავდება ქვეყნებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. უპირატესად ბინადრობს ველებზე, დაბლობებზე, ჭაობიან ადგილებში, ბუჩქნარებში. ევრაზიაში გაურბის ღია სტეპურ, უდაბნოსებრ სივრცეებს. აფრიკაში ტურა ბინადრობს მშრალ ნახევრად-არიდულ ადგილებში სტეპებით, ლელიანით, ბუჩქნარით. ისრაელში ბინადრობს უდაბნოშიც, ნანახია აგრეთვე ოაზისებში და ადამიანთა სამოსახლოებთან. კავკასიაში თავს არიდებს მაღალ მთებს, უპირატესად ბინადრობს თბილ დაბლობებსა და მდინარის ხეობებში. ვერტიკალურად ვრცელდება 1000 მ-მდე.

ჩვეულებრივი ტურა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, წინა, შუა და სამხრეთ აზიაში (ბირმამდე და ტაილანდამდე, გარდა ჩრდილოეთ ნაწილისა), კუნძულ შრილანკაზე. ჩვეულებრივი ტურის (Canis aureus) არეალი სხვა სახეობის ტურების (Canis mesomelas, Canis adustus) არეალთან შედარებით ჩრდილოეთით მდებარეობს და მათ შორის ყველაზე ვრცელია. მისი არეალი გადაიფარება მხოლოდ შავფერდა ტურის (Canis mesomelas) არეალით აღმოსავლეთ აფრიკის სავანებში. ტურა საქართველოს უმეტეს ნაწილშია გავრცელებული, მაგრამ მისი არეალი არ წარმოადგენს მთლიანს. იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც დასავლეთი და აღმოსავლეთი პოპულაციები.

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას (აფრიკა, ევროპაში) შეიმჩნევა ტურის არეალის გაფართოება. მაგალითად, ეთიოპიის Bale Mountains-ის ეროვნულ პარკში ტურა ნანახი იქნა 3800მ-ის სიმაღლეზე. ტურის არეალის გაფართოებას და მისი რიცხოვნობის ზრდას სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: ა) ბულგარეთში გაიზარდა ტურის საკვები ბაზა, რაც გამოწვეულია სამონადირეო მეურნეობის მოქმედების ინტენსიფიცირებითა და სანადირო ფრინველის ხელოვნური გამრავლება-განახლებით; ბ) ქიმიზაციის და მექანიზაციის შედაგად მრავალი გარეული ცხოველი იღუპება და ტურის საკვები ხდება; გ) მეცხვარეებმა შეამცირეს ძაღლების რიცხვი; დ) ყაზახეთსა და თურქმენეთში უკავშირებენ არხების გაყვანას; ე) ევროპაში მგლის რიცხოვნობის დაცემას.

ტურა აქტიურია ღამითაც და დღისითაც, მაგრამ ღამის ცხოველია ადამიანების სამოსახლოებთან ახლოს. საქართველოში უპიტარესად ღამეა აქტიური. დღე კი ბუნაგში ატარებს.

ტურა ეკუთვნის ომნივორთა რიცხვს. წლის სეზონებისა და საბინადრო გარემოს ტიპის მიხედვით საკვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა იმდენად იცვლება, რომ შეიძლება მთლიანად ერთი ან ორი შემდეგი კომპონენტისაგანაც კი შედგებოდეს: მცენარეები, უხერხემლოები, რეპტილიები, ამფიბიები, ფრინველები, მცირე ძუძუმწოვრები და ლეში. აფრიკაში ჭამენ ანტილოპა გნუს პლაცენტასაც. საერთო ჯამში, ტურა იკვებება იმ საკვებით, რომლის მოპოვებაც შედარებით ადვილია, რაც მეტ შემთხვევაში წარმოადგენს მღრღნელებს, მცენარეთა მწიფე ნაყოფს და მწერებს. სანადიროდ გამოდის ღამით. საკვების ძიების დროს ღამის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე გადაადგილდეს. წარმოადგენს მაღალორგანიზებულ მტაცებელის ტიპს, სწრაფად დარბის, საოცარი მოხერხებულობით გადაადგილდება ბარდნარებში, საჭიროებისას შეუძლია ცურვა. ყნოსვა, სმენა, მხედველობა და გონივრული შესაძლებლობები კარგად აქვს განვითარებული. წლის უმეტეს დროს მეტწილად მარტო ნადირობს. ყველაზე მსხვილი მსხვეროლი, რომელსაც ტურა მოიპოვებს აფრიკაში, არის ტომპსონისა და გრანტის ქურციკი, უფრო მეტად კი მისი ნაშიერები. განსაკუთრებულ წარმატებას აღწევენ, თუ ტურის წყვილი აერთიანებს თავის ძალებს. ეს ლეკვების გამოზრდის პერიოდში ხედება. მარტო ერთ ტურას მდედრი ქურციკი, როგორც წესი უკუაგდებს. წყვილის ნადირობის შემთხვევაში კი ტურები ექვსი მცდელობიდან ოთხჯერ სასურველ შედაგს აღწევენ. ნანადირევიდან დარჩენილი ზედმეტი საკვები ტურას მიაქვს და ფლავს მცირე ნაჭრებად. ეს სამალავები დიდ ტერიტორიაზეა მოთავსებული, რაც ამცირებს სხვა მტაცებლის მიერ ყველა ნაჭრის პოვნის ალბათობას. ტურის წყვილი სარგებლობს სხვისი ნანადირევით, თუ მსხვერპლი მის ტერიტორიაზეა მოკლული.

ტურა სოციალური ცხოველია. ძირითად სოციალურ ერთეულს ქმნის წყვილი, რომელიც მრავლდება. ცხოვრობენ ოჯახებად. ზოგჯერ ერთიანდებიან დიდ ხროვად. უფრო ხშირია ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახები. ერთი ტურის ტერიტორიის ფართობი მერყეობს 0,5-დან 2,5კმ2-მდე, წყვილისა კი 2,5კმ2-დან 20კმ2-მდე. ტერიტორიის საზღვრებს ნიშნავს მდედრიც და მამრიც. ტურა მონოგამია, წყვილს ქმნის მთელი ცხოვრების განმავლობაში.

საქართველოში ტურების მძუნაობის პეიოდი თებერვლის პირველი ნახევრიდან მარტის დასაწყისამდე, თბილი ზამთრის შემთხვევაში - იანვრის დამლევიდან აქვთ. მძუნაობა გრძელდება დაახლოებით 26-28 დღე, მაკეობა კი 63 დღე. სოროს თვითონ თხრის ან ცხოველის (უმეტესად მაჩვის, მელიისა და მაჩვზღარბების) სოროს იკავებს. სოროს 2-3 ამოსასვლელი აქვს, რომლებიც ორი მეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან, ნაყარში, როგორც წესი, 4-6 ლეკვია. ნაშიერები თვალს ახელენ 9-10 დღის ასაკში. ლაქტაცია კავკასიაში გძელდება 50-70 დღე, 2-3 კვირის ასაკიდან მშობლები იწყებენ ლეკვების გამოკვებას კუჭიდან ამონთხეული ნახევრადგადამუშავევული ხორცით. საკვების სიუხვისას ლეკვები სწრაფად იზრდებიან და შეუძლიათ სანადიროდ გაჰყვნენ მშობლებს სამი თვის ასაკში. მშობლების წვლილი შთამომავლობის გაზრდაში შედარებით ერთნაირია. ორივე მშობელი კვებავს და იცავს ლეკვებს. ნაშიერები მდედრთან რჩებიან შემოდგომამდე, ან შემდეგ წლამდე. სქესმწიფობას მდედრები აღწევენ მე-11 თვეს, მამრები კი - 2 წლისათვის.

უაღრესად საინტერესოა ე.წ. „ძიძების“ არსებობის წესი: ხშირად ერთი წლის ასაკის ორივე სქესის ინდივიდები რჩებიან მშობლიურ ტერიტორიაზე და მშობლებს მომავალი თაობის აღზრდაში ეხმარებიან. რჩებიან რა ოჯახის ფარგლებში, ისინი იცავენ სუბორდინაციას მშობლების მიმართ. დამხმარეებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის სამსახური გაუწიონ მშობლებს:

  1. მათ მიაქვთ საკვები მდედრთან, რომელიც რძეს აწოვებს ნაშიერებს;
  2. სოროსთან დარჩენილი „ძიძა“ ნაშიერებს იცავს თავდასხმისაგან;
  3. ლეკვებს კვებავენ ამონთხეუილი საკვებით;
  4. რჩებიან ლეკვებთან, როდესაც მშობლები სანადიროდ მიდიან;
  5. „ძიძები“ ეთამაშებიან, ასუფთავებენ და ეხმარებიან ლეკვებს ნადირობის ილეთების შესწავლაში.

მშობლები, დახმარების გარეშე, როგორც ჩანს, წარმატებით ზრდიან მხოლოდ ერთ ნაშიერს. მაგრამ ეს ციფრი თითქმის ორჯერ იზრდება თითოეულ „ძიძაზე“. მშობლები სამ „ძიძასთან“ ერთად წარმატებით ზრდიან ექვს ნაშიერს. დამხმარეების გაერთიანება უპირატესობას იძლევა ნადირობის დროსაც: რამდენიმე ტურა ნადავლს უტრიალებს იმ დროს, როდესაც სხვები განდევნიან მტაცებელ ფრინველებს.

ძალიან საინტერესოა ტურის ურთიერთობა მის უახლოეს ნათესავთან - მგელთან. სხვადასხვა მონაცემებით, ურთიერთობა აღნიშნულ ორ სახეობას შორის ურთიერთსაპირისპირო ხასიათს ატარებს. როგორც ჩანს, ბოლომდე არ არის დადგენილი, როგორი კორელაციაა ტერიტორიალური და არატერიტორიალური მგლებისა და ტურების რიცხოვნობასა და ტერიტორიულ გადანაწილებას შორის. ინდოეთში, მაგალითად, მგლები პერიოდულად კლავენ ტურებს საკვების და ტერიტორიების გამო კონკურენციის შესამცირებლად.

ანუბისი
მოსკოვი. ა. ს. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

მსოფლიოში ტურის აბსოლუტური რიცხოვნობის შესახებ ცნობები არ არსებობს. რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, რადგან ტურა ფართოდ არის გავრცელებული და შეუძლია ადამიანებთან თანაარსებობა, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორიების მიხედვით, იგი მიჩნეულია სახეობად, რომელიც არ დგას გადაშენების საფრთხის წინაშე, ხელსაყრელ პირობებში ტურას გააჩნია რიცხოვნობის სწრაფი აღდგენის უნარი.

საქართველოს ბიომრავალფეროვნების პროგრამის მასალების მიხედვით (1997), საქართველოში ბინადრობს დაახლოებით 2000 ინდივიდი.

ტურა უხსოვარი დროიდან არის დაკავშირებული ადამიანის ყოფასთან. ძველ ეგვიპტეში მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ და სიკვდილის შემდეგ მის მუმიფიცირებას ახდენენ. იგი ასოცირებული იყო მიწისქვეშეთის, ანუ სიკვდილის ღმერთის ანუბისის კულტთან. ზოგიერთი ანუბისს გამოსახავდა ტურად, ზოგ ნახატზე კი ტურის თავი კომბინირებულია ადამიანის ტანთან. ტუტანჰამონის სარკოფაგში ძვირფასეულობებს შორის ნანახი იქნა ანუბისის სკულპტურა. მითების თანახმად, ანუბისი ხელმძღვანელობდა ბალზამირების ცერემონიასა და გადრაცვლილების სულებს აცილებდა საიქიოში. უფრო გვიან მითებში ანუბისი ჩნდება, როგორც ჯოჯოხეთის მოსამართლე. იგი ითვლება საფლავების დარაჯად, რაც საკმაოდ განსაცვიფრებელია, რადგან ჯერ ძველი ეგვიპტელები ადანაშაულებდნენ ტურას საფლავებიდან ადამიანის ძვლების მოტაცებაში. ამის გამო საფლავებზე ქვებს ალაგებდნენ.

ძველ ლიტერატურაში კიდევ ბევრგან მოიხსენიებენ ტურას, როგორც ღამის ქმნილებას, რომელიც უფრო ხშირად სიკვდილთან არის დაკავშირებული. ტურა გამუდმებით გვხვდება ხალხურ ზღაპრებსა და ლეგენდებში, სადაც, როგორც წესი, მოსამართლის როლში გამოდის. აფრიკაში დღესაც კი თვლიან, რომ მისი ხმის გაგონება აუცილებლად ვინმეს გარდაცვალებას მოასწავებს. ამავდროულად ჰგონიათ, რომ ტურას შეუძლია ბედნიერების მოტანა - მის ტყავს და ბრჭყალებს ყიდიან კამპალას (უგანდის დედაქალაქი) ბაზარზე ავი სულების განმდეველი ამულეტების სახით. აქ მიიჩნევენ, რომ ტურის მოხარშული გული ეპილეფსიას კურნავს.

ტურა აგრეთვე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხალხზე შუა მდინარეთში (ისტორიულ ქვეყნებში მდინარეების - ტიგროსსა და ევფრატს შორის; დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე), რაც აისახა მრავალ იგავ-არაკში. აქ ტურას, ეშმაკობის მხრივ, ისეთივე რეპუტაცია ჰქონდა, როგორც მელას ევროპულ ფოლკლორში. ინდოეთში გავრცელებულ ტურას კეფაზე ძვლოვანი კორძები აქვს, რომლებიც დაფარულია გრძელი ბალნის კონით. ინდოელები ასეთ კორძებს ტურის რქებს უწოდებენ და ბალნის კონასთან ერთად თილისმად იყენებენ. ძველ რომში ტურებს უწოდებენ ოქროს მგლებს, რადგან ადვილად აშინაურებდნენ და ერთგულად იმსახურებდნენ.

საქართველოს მოსახლეობაში ამ სახეობისადმი ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი უარყოფითი დამოკიდებულება იყო, რაც ახლაც გრძელდება; თუმცა ძალიან მცირე რამ იციან მის შესახებ, ისევე როგორც ცხოველების უმეტესობაზე. მსოფლიო არეალის მასშტაბით ტურა ბევრგან განიცდის შევიწროებას ადამიანების მხრიდა, თუმცა მისი არსებობის „სარგებლიანობაში“ ხალხი დარწმუნდა ისრაერლის მაგალითზე: აქ ტურის რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა, რადგან წარმოებდა მისი მასობრივი მოწამვლა. ამის შემდეგ გველების კბენისაგან დაღუპული ადამიანების რაოდენობა ორ წელიწადში 229-დან 435-მდე გაიზარდა. როდესაც ტურის მასობრივი მოწამვლის აქცია შეწყდა, გაიზარდა მისი რიცხოვნობა და შესაბამისად - შემცირდა გველების მიერ ადამიანთა დაკბენის შემთხვევები. ტურა ასევე ალიმიტირებს მღრღნელების რიცხოვნობას, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისათვის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ნიგერიაში, ბენგალიაში და ინდოეთში) ფერმერებს მიაჩნიათ, რომ ტურა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს შინაურ საქონელსა და მოსავალის (მაგალითად, შაქრის ლერწმის, ნესვის, საზამთროს, ანანასის, სიმინდის) განადგურებით. ამის გამო, აუცილებელი ხდება სოფლის მოსახლეობის ეკოგანათლების დონის ამაღლება მათ დასარწმუნებლად, რომ ტურა სოფლის მეურნეობის მავნებლებითა (მღრღნელებით, მწერებით) და ნაგავსაყრელზე კვებით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ადამიან სანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით; ლეშის მოხმარებითა და ავადმყოფი ცხოველების მოკვლით ტურა ხელს უშლის მრავალი დაავადების გავრცელებას. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს იმის მოტივაცია, რომ სოფლიოს მოსახლეობამ ეს სახეობა მონადირეებისგან დაიცვას. საკუთარი მოსავლის ტურის შემოსევისაგან გადასარჩენად საჭიროა ბაღჩებისა და პლანტაციების დაცვის გაძლიერება.



წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები