ტყვარჩელი
ტყვარჩელი − (აფხ. Тҟәарчал), ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ტყვარჩელი მდინარე ღალიძგის სათავეებში მდებარეობს.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ამ ადგილას დასახლება XVII ს. შუა წლების იტალიურ რუკებზე „ტკვაჯას“ სახელით გვხვდება, რაც ქართული ტოპონიმის იტალიური გადმოცემაა. სახელწოდება ქართულია (მეგრული) და „ხის დაფენილ კიბეს“ ნიშნავს (ბერაძე თ., 2013: 5).
ტყვარჩელი 1921 წლიდან შედიოდა კოდორის მაზრის, 1930 წლიდან – კოდორის რაიონის (1933 წლიდან ოჩემჩირის რაიონი) შემადგენლობაში. XX ს. 30-იან წლებში ქვანახშირის მადნის ათვისებასთან დაკავშირებით შეიქმნა ქალაქური ტიპის დასახლება, რომლის სახელწოდებად 1936 წლიდან რუსულ ენაზე Ткварчели დადგინდა Ткварчелы-ს ნაცვლად. 1942 წელს ოჩემჩირის რაიონის შემადგენლობიდან გამოყვეს ტყვარჩელისა და აკარმარის მუშათა დასახლებები და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი ტყვარჩელი შეიქმნა (ხორავა, ჭანტურია, 2019: 71).