ტყის ბალბა
Malva sylvestris L. – ტყის ბალბა
მეგრულად – ბოდორია, ბოდერია.
ორწლოვანი, იშვიათად ერთი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 10-100 სმ სიმაღლისაა, დატოტვილი, სწორმდგომი, მეტნაკლებად სქლადაა შებუსვილი ან ზოგჯერ თითქმის შიშველი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო-თირკმლისებრი, ძირი გულისებრია, 5-7 მრგვალკბილა ნაკვთებით, შიშველი ან გაფანტული ვარსკვლავისებრი ბეწვებით შებუსვილი. ყვავილები იღლიურია, 2-5 ერთად განწყობილია ღეროს ზედა ნაწილში, არათანაბარი ზომის, დაყვავილების შემდეგ აშვერილი ყვავილის ყუნწებით. ჯამქვეშა ფოთოლაკები მოგრძო კვერცხისებრია. გვირგვინი იისფერია, ხშირად მუქძარღვიანი, დიდი ზომის, 3-4-ჯერ აღემატება ჯამს. თესლი თირკმლისებრია, მოშავო ფერის, ოდნავ შესამჩნევად დაწერტლილი. ყვ. VI-VIII; ნაყ. IX-X.
იზრდება ბუჩქნარებში, ნათელ ტყეებსა და რუდერალურ ადგილებზე, ტყის ქვედა და შუა სარტყელში.
საკვები, თაფლოვანი, დეკორატიული, საღებავი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ყვავილები და ფოთლები, აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. შეიცავს ლორწოს, ალკალოიდებს, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს და კაროტინს, მიკროელემენტებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.
უძველეს სამკურნალო მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, ამოსახველებელი, დამარბილებელი, მადეზინფიცირებელი მოქმედებით. გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, პანკრეატიტის, გაციების, ხველების, ფილტვების ემფიზემის, ანგინის, პაროდონტოზის დროს; გარეგანად – ყელისა და პირის ღრუს დაავადებების, დამწვრობის, თვალის ანთების, ბუასილის, გინგივიტის სამკურნალოდ (Минаева, 1970) .
ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის (1978) „კარაბადინში“ ბალბა (მალუქი) როგორც ფილტვების დაავადების, ხველების სამკურნალო და გამხსნელი საშუალებაა – „თუ სისხა ზიყი ჭირდეს და შეკვრით იყოს, როდესაც დაემართოს სტომაქსა სიმსივნე მხურვალი, გამხსნელი წამალია“.
ხევსურეთის ხალხურ მედიცინაში რძეში მოხარშულ ბალბას იყენებენ წითელი ქარის, ყელის დაავადებების, მასტიტის დროს (შენგელია, 1983). ხმარობენ საკვებადაც ფხალეულის სახით.