უილიამსი ჩარლს კენეთ
ჩარლს კენეთ უილიამსი − (1936 - 2015), ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი და მთარგმნელი. უილიამსმა განათლება მიიღო ბაქნელისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში. ფართო პროფესიულმა დიაპაზონმა უილიამსს მრავალმხრივი საქმიანობის, მრავალ სფეროში მოღვაწეობის საშუალება მისცა, რასაც არა იმდენად ყოფითი აუცილებლობა, რამდენადაც მისი პიროვნული, სულიერი ინტერესები განაპირობებდა. იგი იყო რედაქტორი და რეფერენტი − ამზადებდა სტატიებს, ბუკლეტებსა და გამოსვლებს ფსიქიატრიისა და არქიტექტურის დარგში, ასწავლიდა მწერლობასა და შემოქმედებას მრავალ კოლეჯსა და უნივერსიტეტში. უნიკალურია უილიამსის, როგორც პოეტ-თერაპისტის მოღვაწეობა. მან შეიმუშავა და პრაქტიკულად განახორციელა პოეტური თერაპიის პროგრამა ემოციური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის პენსილვანიის საავადმყოფოში, ფილადელფიაში. აქვე მუშაობდა თერაპისტად გარდატეხის ასაკობრივი დარღვევების მკურნალობის დარგში. 1971 წელს უილიამსმა მიიღო გუგენჰეიმის სტიპენდია, 1983 წელს – „პარი რევიუს” პრიზი. იგი იყო ინგლისური ენის პროფესორი მეისონის უნივერსიტეტში. მართალია, ამერიკული პოეზიის არსებითი ნიშან-თვისებაა შიშველი და უხეში ხედვა, ადამიანური ტკივილებისა და უარყოფითი ემოციების საწყისების ძირისძირში წვდომა, სოციალური ორაზროვნებისა და ყველაზე უფრო მახვილგონივრული ნიღბების მწარე კრიტიკა, მაგრამ მისთვის, ასევე, დამახასიათებელია გამოსავლის, გარკვეული შვებისა თუ საშველის ძიება თვით ამ კრიტიკული საქმიანობის პერმანენტულობაში, განმარტოების მცდელობებში, თეოლოგიური მედიტაციების პრაქტიკაში, ჰუმანურ ან სასტიკ იუმორში. უილიამსის პოეზია ყველა ამ ტრადიციისგან გამორჩეულია არა მხოლოდ იმით, რომ „ალბათ, ომის შემდეგომ არც ერთ სხვა ამერიკელ პოეტს არ წარმოუჩენია ასე პირდაპირ, განუხრელად და დაუნდობლად ტკივილის, როგორც ადამიანური გამოცდილების საყრდენი წერტილის, სხვადასხვა დონე და განზომილება“ (ა. პაულინი, CAP), არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მან მოინდომა შინაარსის სფეროდან ფორმის, ენის სფეროში ამ გამოცდილების გადასროლა. ანუ, მან სცადა არა, უბრალოდ, ამ ტკივილებისა და უსასოობის გამოთქმა და აღწერა, არამედ თვით ამ აღმწერი პოეტური ენის, სიტყვათა რიგის, პროპოზიციული შრის, სამეტყველო სფეროს, როგორც ყოფითი მოდუსის ჩვენება. მარტივად რომ ვთქვათ, უილიამსმა სცადა, ადამიანური ყოფის დრამატული გამოცდილება მიემართა ენისკენ, ყოფითი გამოცდილება გამოეყენებინა ენობრივი გამოცდილების აღსაწერად. ასე რომ, მისი პოეტური სისტემის ერთი მთავარი მიზანია არა იმის ჩვენება, თუ როგორ სტკივათ ადამიანებს, არამედ იმის წარმოჩენა, თუ როგორ სტკივათ სიტყვებს, როგორ სტკივა ენას, რომელიც ამ ტანჯვის, ამ სასოწარკვეთის თვითმხილველია. აქ თვით პოეტური ენა, როგორც ტკივილის ხერხემალი, აღიბეჭდავს ძირითად ბიძგებს და შეჯახებებს; აქედან გამომდინარე, ირყევა სინტაქსი, ხდება უხეში და თვითნებური, გამსხლტომი; ხდება საკომუნიკაციო ლოგიკის უარმყოფელი და მოწოდებული სწორედ თავისი რყევების მდგომარეობაში. „როგორც ჩანს, ჩვენმა მტანჯველმა საყოველთაო მდგომარეობამ, როცა ყოველი მხრიდან განადგურების საფრთხე გვემუქრება, უილიამსს მიანიჭა შესაბამისი გულგრილობა იმ გამომგონებლობისა და ხელთქმნილობის მიმართ, რასაც, ჩვეულებისამებრ, მოველით ხოლმე პოეზიისგან. მის ადრეულ ლექსებშივე იჩინა თავი იმ წესმა, რომლის მიხედვითაც ენა უნდა გაშიშვლდეს, თუნდაც − მის ძირითად სინტაქსურ კანონებამდე. მერე და მერე ეს პროცესი უფრო შორს წავიდა − იგი უარს ამბობს, დაემონოს სინტაქსის ფორმალურ წესთა დინებას“ (ა. პაულინი, CAP). უილიამსის ტონალური ლექსი მოკლებულია როგორც გამომსახველობას, დისკრეტულ მეტაფორისტიკას, ისე − სენტიმენტალურ ხედავს; აგრეთვე, მოკლებულია სურვილს, რომ მკითხველს გული აუჩვილოს, ემოციური განტვირთვის სავარჯიშოები შესთავაზოს და შეგუების ნაირ-ნაირი ხრიკი და თვალთმაქცობა გაამართლებინოს.