უნგრეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებები 1949, 1968
უნგრეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებები 1949, 1968
1949 წლის 16 აპრილის ხელშეკრულება
1949 წლის 16 აპრილის ხელშეკრულება მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე დაიდო ბუდაპეშტში 20 წლის ვადით.
მხარეები აღნიშნავდნენ, რომ მზად იყვნენ მყარი მეგობრული პოლიტიკა გაეტარებინათ და გაეღრმავებინათ ყოველმხრივი თანამშრომლობა, იღებდნენ ვალდებულებას, მიეღოთ ყველა შესაბამისი ზომა გერმანიის ან მასთან გაერთიანებული რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის აღკვეთის მიზნით, უზრუნველეყოთ საერთაშორისო უშიშროება. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე ჩართული იქნებოდა გერმანიასთან ან მის მოკავშირე ქვეყანასთან ომში, მეორე მხარე იღებდა ვალდებულებას მისთვის დაუყოვნებლივ გაეწია სამხედრო და ყველა სხვა სახის დახმარება. მხარეებმა გადაწყვიტეს, მიეღოთ ერთმანეთისაგან კონსულტაციები ყველა იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნებოდა. აღუთქვეს ერთმანეთს, არ მიეღოთ მონაწილეობა ერი-ერთი მათგანის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში, განევითარებინათ და განემტკიცებინათ ეკონომიკური, კულტურული და სხვა კავშირები.
1868 წლის ხელშეკრულება
მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე ხელმოწერილია 14.VI ბუდაპეშტში. დადებულია 20 წლის ვადით, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში უნდა გაგრძელებულიყო 5 წლის ვადით. მხარეებმა ვალდებულება იკისრეს, განემტკიცებინა ყოველმხრივი კავშირები, გაეღრმავებინათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და გაეწიათ ერთმანეთისთვის დახმარება ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის, კულტურის და სხვა სფეროებში, ისინი შეთანხმდნენ, ერთმანეთისაგან მიეღოთ კონსულტაციები ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხზე, იკისრეს ვალდებულება მომავალშიც ხელი შეეწყოთ სოციალისტური ქვეყნების ერთიანობის გაძლიერებისათვის, განუხრელად გაეტარებინათ მშვიდობიანი თანაცხოვრების პოლიტიკა, განეგრძოთ მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების, საერთაშორისო დაძაბულობის შესუსტების, საყოველთაო და სრული განიარაღების განხორციელებისაკენ მიმართული ძალისხმევა.
მხარეებმა დაგმეს 1938 მიუნხენის შეთანხმება და მისგან გამომდინარე შედეგები თავიდანვე ბათილად ცნეს. განაცხადეს, რომ ევროპაში უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ევროპაში არსებული სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდებოდა, მეორე მხარე ვალდებულებას იღებდა დაუყოვნებლივ გაეწია მისთვის ყველა სახის, მათ შორის სამხედრო დახმარება.