უფლისციხის ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსი
ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსი - დარბაზი (360 კვ.მ.) გეგმით ქრისტიანული ბაზილიკის მსგავსია. იგი განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისათვის. გამოკვეთილია კლდეში. ნაგებობა დაზიანებულია, გამოფიტულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი და მცირე სათავსი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელბის ქვედა ნახევარი, სამხრეთ კედლის ცოკოლი. ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალიც. დასავლეთი კედლის ბოლო ნაწილი, დიდი ნიშის გაყოლებაზე, ამოშენებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ამ კედლის ქვეშ დარბაზში ჩასასვლელი ანტიკური ხანის ორი საფეხურია; შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ქვითკირის კედელი ამავე საუკუნეებში ქვითკირის კედლებით შემოუზღუდავთ და ეკლესიად უქცევით სამხრეთის აფსიდიანი სათავსი, დაუვიწროებიათ ანტიკური ხანის შესასვლელები. დარბაზი მოგვიანებით საცხოვრებლადაც გამოუყენებიათ. შუა აფსიდის ჩრდილოეთ მონაკვეთში მოჭრილია ცოკოლის საფეხური, გაღრმავებულია კედელი, იატაკში ჩაჭრილია სამი სასულიანი თონე; ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კედლებში ამოჭრილია გადახურვის კოჭების ჩასადგმელი ბუდეები.
დარბაზის ინტერიერს ქმნის კლდის დამუშავებული კედლები, რომლებსაც ფასადები არა აქვთ. ოთხსვეტიანი დარბაზის დასავლეთი მონაკვეთი განიერი და მოკლეა. მის ცენტრში ოთხი ბურჯის ოთხკუთხა ბაზისებია გამოკვეთილი. ბაზისების მდებარეობა დარბაზის ღერძის მიმართ ასიმეტრიულია. დარბაზის ჩრდილოეთი კედელი, ბაზისების შესატყვისად, დანაწევრებულია არათანაბარი ზომის სამი დეკორატიული თაღით. ნაწილობრივ შემორჩენილია პილასტრისა და თაღების კლდეში ჩაჭრილი პროფილი. დასავლეთ პილასტრზე კაპიტელის კუთხეა, რომელიც წარმოადგენს ლილვიან თაროს. ამავე პილასტრის თავზე შემორჩენილია კამარაზე გადასვლის ფრაგმენტი, რაც მოწმობს, რომ დარბაზის ჩრდილოეთ „ნავს“ სამ სეგმენტად დანაწევრებული „გადახურვა“ ჰქონია. დასავლეთის კედელზე მაღალი ცოკოლი და ჩრდილოეთ პილასტრია. ამ კედლის სამხრეთ ნაწილში, იატაკიდან 1მ. სიმაღლეზე, დარბაზის შიდა სივრცისკენ გახსნილი დიდი ნიშია, რომელსაც შემოსასვლელი გარედან, სამხრეთის მხრიდან ჰქონია.
დარბაზს აღმოსავლეთით იატაკიდან ერთი საფეხურით ამაღლებული და საკმაოდ ღრმა ნალისებური აფსიდი აქვს. მასში მაღალი საკურთხეველი და დასაჯდომი ორსაფეხურიანი ხარისხია. აფსიდის ცენტრში ამოკვეთილია ოთხი კვადრატული ბუდე, რომლებიც ამოვსებულია ქვის ნატეხებით და კირის ხსნარით. საფიქრებელია, რომ ბუდეებში კივორიუმის (შეწირულებათა საცავის) სვეტები იყო ჩადგმული. ერთი სვეტის ნაწილი შემორჩენილია აფსიდის წინაც, სვეტი ამოკვეთილია კლდეში, ღრმა და განიერი ორმოს ძირში.
ჩედილოეთ აფსიდსა და კონქს შორის სადა რელიეფური სარტყელია, აფსიდის ორივე მხარეს – მცირე სათავსები. ჩრდილოეთ სათავსს შემორჩენილი აქვს კლდეში გამოკვეთილი კამაროვანი ჭერი. მის ჩრდილოეთ კედელში ორი ოთხკუთხა ღრმა ნიშია. აღმოსავლეთ ნიშის კონქში შემორჩენილია სხივური გაფორმების კვალი. ამ სათავსს შესასვლელები საკურთხევლიდან და დარბაზიდან აქვს. სამხრეთ სათავსი მოკლეა. სათავსში შემორჩენილია აფსიდი და ცოკოლის განიერი საფეხური.