უჩავა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (გია) ალექსანდრეს ძე უჩავა – (დ. 16 დეკემბერი 1954 – გ. 4.ივლისი 2016), ქართველი გენერალ-მაიორი (08.03.1993).

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის No 19 საშუალო სკოლა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელი.

1975-1977 წლებში მსახურობდა ოცეულის მეთაურად შორეულ აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში.

1977-1981 წლებში მსახურობდა დაზვერვის ასეულის მეთაურად საბჭოთა ჯარების დაჯგუფებაში გერმანიაში. 1981-1982 წლებში მსახურობდა დაზვერვის ასეულის მეთაურად ბელარუსის სამხედრო ოლქში.

1982-1984 წლებში მსახურობდა სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მეთაურად შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში.

1984 წლიდან სამსახურს აგრძელებს საქართველოში. 1984-1986 წლებში მსახურობდა ქალაქ თბილისის ლენინის რაიონის სამხედრო კომისარიატის I განყოფილების უფროსის უფროს თანაშემწედ.

1986-1988 წლებში მსახურობდა რესპუბლიკის კომისარიატის I განყოფილების უფროსის უფროს თანაშემწედ.

1988 წელს მსახურობდა ქალაქ თბილისის კიროვის რაიონის სამხედრო კომისრის მოადგილედ – I განყოფილების უფროსად;

1988-1990 წლებში მსახურობდა საბურთალოს რაიონის სამხედრო კომისრის მოადგილედ – I განყოფილების უფროსად. ბოლო სამხედრო წოდება საბჭოთა არმიაში – პოდპოლკოვნიკი.

1988-1990 წლებში სწავლობდა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში მოსკოვში, მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია, შეწყვიტა, დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში.

1991 წლიდან საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების ფორმირებისა და კომპლექტაციის პროცესის მონაწილეა.

1991-1992 წლებში მსახურობდა დაზვერვისა და ეროვნული უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილედ;

1992 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს, ხოლო 1993 წლის დასაწყისიდან – მთავარი სამმართველოს უფროსად. ამავე პერიოდში, 1993 წლის 8 მარტს ენიჭება გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

2002-2003 წლებში მსახურობდა თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორად და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

2003-2004 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილედ.

2004 წლიდან გავიდა თადარიგში.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. იყო ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების და აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს 1992-1993 წლების ომის მონაწილე – ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და მედლებით.

გარდაიცვალა 2016 წლის 4 ივლისს, თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები