უცხო სიტყვათა ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უცხო სიტყვათა ლექსიკონი – სპეციალური ლექსიკონი, რომელიც აღნუსხავს სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულ უცხო წარმომავლობის სიტყვებს. ამგვარი ლექსიკა ქართულ ენაში ფეხს იკიდებდა არაერთ უცხო ენასთან (ბერძნ., სპარს., არაბ…) ხანგრძლივი ისტორიული კონტაქტების შედეგად. უცხოური ლექსიკის შეთვისება განსაკუთრებით ინტენსიური გახდა XIX-XX სს-ში, როდესაც მოწინავე ევროპული ქვეყნების სწრაფმა სამეცნიერო-ტექნიკურმა განვითარებამ განაპირობა არაერთი დარგის შესაბამისი ტერმინოლოგიის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც.

უცხო სიტყვათა ლექსიკონის ძირითადი წყაროა როგორც საზოგადოებრივ-კულტურულ სფეროში ფართოდ გამოყენებული საერთაშორისო ლექსიკა, ისე სპეციალური დარგობრივი ტერმინოლოგია, რომლის აღნუსხვაც, თავის მხრივ, ხდება ცალკეულ ტერმინოლოგიურ ლექსიკონებში. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ცხადია, ვერ ასახავს ნებისმიერი დარგის ყველა სპეციფიკურ ტერმინოლოგიურ ერთეულს. ამ ლექსიკონში მეცნიერებათა სხვადასხვა სფეროდან შეირჩევა ის ძირითადი ცნებები და ტერმინოლოგიური ერთეულები, რომლებიც მეტ-ნაკლებად საყოველთაო მოხმარებისაა.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი თავისი ძირითადი ფორმით არის განმარტებითი ლექსიკონი. ამავე დროს, იგი უჩვენებს თითოეული უცხო სიტყვის წარმომავლობას, მის პირვანდელ დაწერილობას (ტრანსკრიფციას) და მნიშვნელობას. უცხო სიტყვათა ლექსიკონის კიდევ ერთი ნიშანდობლივი მხარეა მისი ნორმატიულობა, რამდენადაც ამგვარი ლექსიკონი აუცილებლად გულისხმობს ტრანსლიტერაციის, სხვადასხვა ენიდან შეთვისებული მასალის ფონეტიკური ადაპტაციის წესების გათვალისწინებას (მაგ. უცხო ენებიდან ei, eu დიფთონგების, h, th, k და სხვა ბგერების შეთვისება).

ქართულში უცხო სიტყვათა ლექსიკონის შედგენის დიდი ტრადიცია არსებობს. პირველი ასეთი ლექსიკონია ი. იმედაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (1904). 1928 „სახელგამმა“ გამოსცა სპეციალური სატერმინოლოგიო კომისიის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“. 1933 გამოვიდა გ. ახვლედიანის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“.

უცხო სიტყვათა ლექსიკონის შესადგენად უფრო მკვიდრი საფუძველი შეიქმნა მას შემდეგ, რაც დამუშავდა ცალკეული დარგების ტერმინოლოგია, გაღრმავდა სამეცნიერო კვლევა და დაიხვეწა სალექსიკონო და ენციკლოპედიური სამუშაოები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის 8-ტომეულის სარედაქციო სამუშაოებს. ამის საფუძველზე მომზადდა მ. ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (I გამოც. – 1964, II – 1973, III – 1989).

ა. არაბული

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები