უძილაური ელგუჯა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უძილაური ელგუჯა– (1959), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჭართალში (დუშეთი, მთიულეთის არაგვის ხეობა). მამა ორი წლისას გარდაეცვალა, ობლობაში იზრდებოდა; სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახი ახმეტაში გადასახლდა და ცხოვრების მოწიფული ასაკი სწორედ ამ ქალაქში გაატარა. პირველი ლექსი ცამეტი წლის ასაკში დაწერა. არის ავტორი ლექსისა „აყვავებულა არაგვზე დეკა“, რაც პოპულარულ სიმღერას დაედო საფუძვლად, 2012 წელს გამოიცა მისი 64 ლექსი, რასაც ხსენებული სიმღერის პირველი სტრიქონები აქვს სათაურად.
- * * *
- აყვავებულა არაგვზე დეკა,
- ნისლი მოცურავს მთა-მთა.
- სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
- ემაგ თაფლისფერ თვალთა.
- ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
- არ მაკოცება, ნეტა?
- შენთან ღრეობა მწადიან, ქალო,
- ყოფნა მწადიან შენთან.
- ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,
- რაისად სთელავ კენტად.
- მოდი, ვიქნები შენი წაწალი,
- მთები დავლახოთ ერთად.
- და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,
- შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, -
- ნეტა, მანახა, როგორ მიტირებ,
- გლოვის სევდიან ხმაზე.
- აყვავებულა არაგვზე დეკა,
- ნისლი მიცურავს მთა-მთა.
- სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
- ემაგ თაფლისფერ თვალთა.