ფამფარა
ფამფარა გარკახ. – Tragopogon graminifolius DC.
ჰამზა, ქიზ. - ფამფარო, ფშავ. – ვაციწვერა, თუშ. – მძივანა, სვან. – ჭაფხვირ
ფამფარა ეკუთვნის რთულყვავილოვანთა ოჯახს. საქართველოში გავრცელებულია ოცამდე სხვადასხვანაირი ფამფარა. დიდი ნაწილი ყვითელყვავილიანია, მაგრამ გვხვდება აგრეთვე მოწითალო ყვავილიანიც.
უმეტესობა აღმოსავლეთსა და სამხრეთ საქართველოში გვხვდება მშრალ ბალახოვან ფერდობებზე, ბარებში, ბუჩქნარებში, სათიბ-საძოვრებსა და ზოგჯერ ნათესებში. ფამფარას ღერო საკმაოდ მაღალია, მარტივი ან დატოტვილი, ყოველთვის შეფოთლილი. ფოთლები უფრო ხშირად ვიწრო აქვს, კიდემთლიანი, პურეული მცენარეების მსგავსი.
ყვავილობა აპრილიდან იწყება და შემოდგომაზე მთავრდება. ყვავილედი კალათაა. ყველა ყვავილი ენისებრია და მეტწილად ყვითელი. კალათა შემოხვეულია საბურვლით, რომელიც ერთ მწკრივად განლაგებულ, თანაბარი ზომის ფოთლებისაგანაა შემდგარი.
დაყვავილების შემდეგ ფამფარას უვითარდება - ქოჩრიანი ნაყოფებისაგან შემდგარი მრგვალი თეთრი, მსუბუქი „ბურთი“, რომელსაც ქარი ბუმბულივით აიტაცებს ხოლმე და შორს მიაქროლებს.