ფარეშთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარეშთუხუცესი - სასახლის საფარეშოს მსახურთა უფროსი, მათი ზედამხედველი და გამრიგე, შედიოდა მსახურთუხუცესის უწყებაში.

სამეფო სასახლეში იმდენი საფარეშო იყო, რამდენ დარგადაც იყოფოდა სასახლის შინაური მეურნეობა. ასეთ საფარეშოებს წარმოადგენდა, მაგ., სამკერვალო, სამრეცხაო, სანთლების, სასანთლეებისა და მაშხალების, საგებლის, ნატისა და ბალიშის (რომელთაც დარბაზობაზე იყენებდნენ საპატიო სტუმრებისათვის), ტყავეულობის, კარვების, ნოხების, შეშის, წყლის, აბანოს, სახმარი ჭურჭლის, ხილის, სასახლის დასასუფთავებელი იარაღის და სხვ. სათავსოები; ფარეშებს განეკუთვნებოდნენ შეშის მჭრელები, წყლის მზიდავები, ცეცხლის გამჩაღებლები, მკერვალები და მკერვალთუხუცესი, მეხილეები და მეხილეთუხუცესი და სხვ. მათ ხელში იყო სასახლის დასუფთავება, განათება, წყლის ზიდვა, გათბობა, აბანოს მომზადება და სხვ.

„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ფარეშთუხუცესი პირადად ასუფთავებდა ტახტსა და ნოხს მეფის „საწოლში“, ხოლო „სხვათა ნოხთა“ ფარეშები წმენდნენ. ფარეშთუხუცესი ასევე „კაზმავდა საწოლს“ სავაზიროს სხდომებისათვის. ფარეშთუხუცესის ქვემდებარე მოხელე იყო ციცხთუხუცესი, რომელიც თავისი ხელქვეითების მეშვეობით სასახლეს გვიდა და ალაგებდა, ამზადებდა შეშას სასახლისა და აბანოს გასათბობად. ფარეშთუხუცესის განკარგულებაში იყო აგრეთვე მეხილეთუხუცესი, რომლის მოვალეობას შეადგენდა მეფისა და მისი სახლობის ხილით გამასპინძლება, ამიტომ მას ხილის ჭურჭელ-იარაღიც ჰქონია ჩაბარებული. გვიანდელ საუკუნეებში ფარეშთუხუცესი სახლთუხუცესს დაქვემდებარებული მოხელე გახდა. „დასტურლამალში“ ფარეშთუხუცესის მოვალეობათა შესახებ მხოლოდ ზოგადი მინიშნებებია მოცემული. ამ დროს სამეფო კარზე ორი ფარეშთუხუცესი ყოფილა, რომელთა მოვალეობა სასახლის მომსახურე პერსონალის მრავალგვარი საქმიანობის გაძღოლა და მეთვალყურეობა ყოფილა. ფარეშთუხუცესი ყოველდღიური საქმიანობით იყო დაკავშირებული მეფესთან და სამეფო ოჯახთან, რის გამოც ამ თანამდებობაზე განსაკუთრებულად სანდო პირები ინიშნებოდნენ.

ფარეშთუხუცესები XVII-XVIII სს.

  • ჯავახიშვილი პაატა - ქართლის სამეფო კარის ფარეშთუხუცესი 1633-1651 წწ. (ქსის 1955: 104, 173, 174, 221).
  • ჯავახიშვილი ზურაბ - ქართლის სამეფო კარის ფარეშთუხუცესი 1651-71 წწ.
  • ზაალ - ქართლის სამეფო კარის ფარეშთუხუცესი 1658-1675 წწ. (პალ 1993: 195).
  • ბარათაშვილი საამ - ქართლის სამეფო კარის ფარეშთუხუცესი 1671 წ., ბოქაულთუხუცესი 1670-1690 წწ., სახლთუხუცესი 1690 წ. (პალ 1991: 441-443).
  • თურქისტანიშვილი ერასტი - ქართლის სამეფო კარის ფარეშთუხუცესი 1673-1687 წწ. (პალ 1993: 371).
  • ნათანიშვილი პაპუა - კახეთის სამეფო კარის ფარეშთუხუცესი (კახეთი) 1704 წ. (ქსის 1955: 417, 418).
  • ციციშვილი გივი - ქართლ-კახეთის სამეფო კარის ფარეშთუხუცესი 1765 წ. (ხეც, Hd-8574; Hd-149).



წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები